რესპუბლიკის მოედანზე ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. აქციის სლოგანია “ თანხმობის არარსებობა გაუპატიურებაა!“
როგორც ორგანიზაცია „საფარის“ იურისტმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, საკმარისი არ არის ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს.
“ის საზარელი დანაშაულებები, რომლის მომსწრეებიც ბოლო დღეებში ვართ, მართლა შემაძრწუნებელია. აუცილებლად უნდა გამოვსულიყავით 25 ნოემბერს ქუჩაში, იმისთვის რომ ხელისუფლებამ მოგვისმინოს. არ არის საკმარის ის, რასაც ხელისუფლება აკეთებს. პოლიციას აქვს კარგი ბერკეტები, მაგრამ არ იყენებს. დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნაა კანონის ცვლილება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ არასრულფასოვანია ჩვენი კანონმდებლობა. მე პოლიტიკური ნების პრობლემას ვხედავ, იმიტომ, რომ გულგრილად ეკიდებიან ამ საკითხებს. ის რომ ამ თემაზე მთავრობაში არც კი საუბრობენ მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის პრიორიტეტული. ამით სარგებლობენ მოძალადეები, დაუსჯელობის განცდა აქვთ და მათ არ აქვთ შეგრძნება, რომ ამ ქალებს ვიღაც უდგას გვერდში, მათ შორის, საზოგადოება, ესეც სერიოზული პრობლემაა”,- განაცხადა პატარაიამ.
აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობას მართავენ.