ფინანსთა მინისტრი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ძირითად პარამეტრებს განმარტავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 20 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო აპარატურის ნაწილობრივი შესყიდვისთვის.

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა 2023 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტის იმ ძირითად მიმართულებებზე, რომელიც კანონის შესაბამისად საქართველოს პარლამენტს 30 ნოემბერს წარედგინება.

მისი თქმით, დაზუსტდა მიმდინარე - 2022 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და ნაცვლად 8,5%-ისა იქნება 10%.

“ეს არის ზრდის მაჩვენებელი, რომელიც ასევე, გაზიარებულია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან. მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიმდინარე წელს ნავარაუდევია, დაახლოებით, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, იზრდება 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების გეგმიური მაჩვენებელი, დაახლოებით, 390 მილიონი ლარით. გარდა ამისა, იზრდება სესხების დაბრუნებისა და სხვა შემოსავლების გეგმიური მაჩვენებლები, დაახლოებით, 270 მლნ ლარით. ეს იქნება ის რესურსი, რომელიც დამატებით გამოიყოფა 2023 წლის ბიუჯეტში. ჯამში, 660 მილიონი ლარი და შესაბამისად, ამავე თანხით გაიზრდება ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც, რომელიც მიაღწევს 25 მილიარდ ლარს", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან დეტალურად ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელზეც მიიმართება დამატებითი ფინანსური რესურსები.

“როგორც იცით, 2013 წელს პირველად დაიწყო სოციალურად დაუცველთა ოჯახებში ბავშვების დახმარების პროგრამა. მანამდე ასეთი პროგრამა არ არსებობდა. პირველ ეტაპზე, ეს იყო 10 ლარი, შემდეგ ბოლო 2 წლის განმავლობაში დახმარება 50 ლარიდან გაიზარდა 150 ლარამდე. ახლა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და მომდევნო წლის პირველი ივლისიდან, კიდევ 50 ლარით გავზრდით ბავშვთა დახმარებას და ერთ ბავშვზე დახმარება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით. ამ მიზნით დამატებით 65 მილიონ ლარზე მეტს გამოვყოფთ. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხება ე.წ. დეკრეტულ შვებულებას. როგორც მოგეხსენებათ, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში უკვე გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ჩვენ ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად, ეს თანხა განისაზღვროს 2000 ლარით", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, 2023 წელს დამატებით 150 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება განათლების დაფინანსებაზე, რომლის ფარგლებშიც დაიწყება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა და 100 მილიონი ლარი მიიმართება მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციისთვის. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, ესაა ტურიზმი. მისი განცხადებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი სექტორი, რომელიც კვლავ იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდის მომდევნო წლებში, გამომდინარე იქიდან, რომ რაოდენობრივ ჭრილში, მხოლოდ 60%-იანი აღდგენა გვაქვს 2019 წელთან შედარებით.

„აქედან გამომდინარე, ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე და არსებულის განვითარებაზე, მომავალ წელს დამატებით გამოიყოფა 200 მლნ ლარი. ეს ხელს შეუწყობს ახალი ადგილების, მიზიდულობის ცენტრების გაჩენას ქვეყანაში, რომლებიც მოემსახურება ტურისტულ სექტორს. ასევე, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოიყოფა დამატებით 170 მილიონი ლარი. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტებზე დამატებით გამოიყოფა 30 მილიონი ლარი. კულტურისა და სპორტის მიმართულებით დამატებით გამოიყოფა 55 მილიონი ლარი, მათ შორის, 25 მილიონი ლარი მიიმართება 2025 წელს დაგეგმილი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებაზე, ასევე, მეორე წარდგენასთან შედარებით დაფინანსება გაეზრდებათ სპორტულ ფედერაციებს", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საზღვრის ინფრასტრუქტურაზე დამატებით მიიმართება 35 მილიონ ლარზე მეტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებაზე დამატებით გამოიყოფა 10 მილიონი ლარი, ხოლო, 20 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული ელექტრონული არჩევნების ჩატარებისთვის საჭირო აპარატურის ნაწილობრივი შესყიდვისთვის.

გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
ლაჩინის დერეფნის ბლოკადა
ხელოვნური ინტელექტი და სწავლების მეთოდები - BTU მასშტაბურ კვლევას იწყებს
ქართული ბიზნესკომპანიები უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ
Glovo და TNET საქართველოში ახალ ტექნოლოგიურ რეალობას ქმნიან
ხელოვნური ინტელექტის ინოვაციური პროდუქტის ChatGPT-ს შესახებ BTU-ში დისკუსია გაიმართა
Wolt საქართველოს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდი მალე გერმანიასაც მოემსახურება
“ლიბერთი” განათლების ხელშეწყობას აგრძელებს
წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ დაიწერა BTU-ში წარადგინეს
USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს