ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი მადლობელია ყველა ადამიანის, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას და თანაგრძნობას მის მიმართ და მოუწოდებს, საკითხის პოლიტიზებისგან თავი შევიკავოთ

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, სააკაშვილს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება სურდა, მაგრამ ექიმებმა მიიჩნიეს, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი იყო.

როგორც საძაგლიშვილმა კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, რაც ადასტურებს იმას, რომ პატიმრობის პირობებში მისი განკურნება ფიზიკურად შეუძლებელია.

მიხეილ სააკაშვილს ეგონა, რომ სასამართლოში მისვლას შეძლებდა, ამის სურვილი გააჩნდა, თუმცა, ამის საპირისპიროდ, სამედიცინო პერსონალმა მიიჩნია, რომ საფრთხის შემცველი იყო მისი გადაყვანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შესაბამისი სამედიცინო ცნობა გაიცა. ჩვენ კლინიკის ან ზოგადად, სამედიცინო პერსონალის მიმართ, ვისაც მასთან აქვს შეხება, პრეტენზიები არ გვაქვს. ეს ადამიანები შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ ფაქტია, 6 - თვიანი მკურნალობის მიუხედავად, არათუ პროგრესი არ გვაქვს სახეზე, არამედ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, რაც ადასტურებს ერთადერთ გარემოებას, რომ ამ პატიმრობის პირობებში მისი განკურნება ფიზიკურად შეუძლებელია. სასწრაფოდ უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული მისი საზღვარგარეთ გადაყვანასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. მიხეილ სააკაშვილი თვალს ადევნებდა, მათ შორის დღეს სასამართლოში განვითარებულ მოვლენებს და მადლობელია ყველა ადამიანის, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას და თანაგრძნობას მის მიმართ. ამასთანვე, მოუწოდებს ყველას, ამ საკითხის პოლიტიზებისგან თავი შევიკავოთ. ფაქტია, რომ გადაწყვეტილება ძალიან მალე არის მისაღები, რათა პრევენცია მოხდეს იმ შესაძლო კატასტროფული შედეგების, რაც შეიძლება სიტუაციის ასე შენარჩუნებას მოჰყვეს“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისი განმარტებით, კლინიკა “ვივამედის“ მიერ გაცემულ დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ 3 კმ-ზე მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებაც კი საფრთხეებს შეიცავდა.

„ექიმების პოზიცია არის ასეთი და არა ადვოკატების, რომლებიც სამედიცინო საკითხებში სპეციალიზებული არ ვართ“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა