საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებები გაიმართა

2022 წლის 28-29 ნოემბერს, კორეის დედაქალაქ სეულში საქართველოსა და კორეას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძეა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების გაფორმება წაახალისებს კორეელ ინვესტორებს გაზარდონ არსებული ინვესტიციები, მათ შორის ხელს შეუწყობს მათ დაინტერესებას ინვესტიციები განახორციელონ ახალ სექტორებში. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ინვესტიციები პირველად განხორციელდა 1997 წელს. მას შემდეგ, 2021 წლის ჩათვლით, ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 209.47 მლნ. აშშ დოლარი, 2016-2021 წლებში ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 128.94 მლნ. აშშ დოლარი.

„კორეის რესპუბლიკა არის ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა, რომელთანაც უდიდესი პოტენციალი არსებობს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ამასთან, აღსანიშნავია ბოლო წლებში კორეელი ინვესტორების მხრიდან საქართველოთი სულ უფრო მზარდი დაინტერესება, ძირითადად ენერგეტიკის სფეროთი. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმება, რომელიც ინვესტიციების სფეროში თანამშრომლობის მყარ სამართლებრივ საფუძველს შექმნის, ხელს შეუწყობს კაპიტალის მოძრაობას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებასა და ორივე სახელმწიფოს კეთილდღეობას, ხელშემკვრელ მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობასა და ცხოვრების დონის ამაღლებას“, - განაცხადა გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმების პროექტის დებულებები ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს მოიცავს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ ასევე ორმხრივი შეხვედრა გამართა კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონ სეონგ დოკ იუნთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კორეას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

მომლაპარაკებელთა ჯგუფში საქართველოს მხრიდან ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო