რუსეთის დუმის სპიკერი - ჩვენ ბევრი გვაქვს საერთო აფხაზეთთან, ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რელიგია - აფხაზეთის პარლამენტთან თანამშრომლობის ახალ ფორმატში გადავედით

დღეს ჩვენ აფხაზეთის პარლამენტთან თანამშრომლობის ახალ ფორმატში გადავედით , - ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულმა რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარესთან ლაშა აშუბასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ვოლოდინის თქმით, ხელი მოეწერა «შეთანხმებას“ სახელმწიფო დუმასა და ოკუპირებული აფხაზეთის „პარლამენტს“ შორის ურთიერთქმედების შესახებ.

მისი თქმით, შეთანხმდნენ, რომ რამდენიმე თვეში გაიმართება შეხვედრა, რომლის დღის წესრიგს მხარეები ერთობლივად ჩამოაყალიბებენ.

„ეს იქნება პრობლემური თემები, რომლებიც ეხება როგორც აფხაზეთის, ასევე რუსეთის მოქალაქეებს. გვჯერა, რომ მეგობრობა ორმხრივი გზაა. რაც შეეხება განვითარებას, ეს შესაძლებელია მხოლოდ ნდობის საფუძველზე. დიალოგის გარეშე შეუძლებელია ნდობის ჩამოყალიბება“, - განაცხადა ვოლოდინმა.

მან დღევანდელ საუბარს აფხაზეთის „პარლამენტის“ ყველა „დეპუტატთან“ დახურულ ფორმატში ძალიან სასარგებლო უწოდა.

„ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო აფხაზეთთან - საერთო ისტორია, კულტურა, ტრადიციები, რელიგია. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ერთ ენაზე და ამიტომ, ერთი მხრივ, გვიადვილდება ურთიერთობების განვითარება, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ძალიან გვავალდებულებს“, - განაცხადა მან.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას, ვოლოდინმა ყურადღება გაამახვილა ვაჭრობის ზრდაზე, რომელიც, მისი თქმით, წელს 41%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

„აფხაზეთი ერთ-ერთია რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მიმზიდველ ხუთ სახელმწიფოს შორის. თუ მოგზაურობებზეა საუბარი, მაშინ აფხაზეთი, თურქეთის შემდეგ, ვიზიტების მხრივ მეორე ადგილზეა. ეს ხალხის არჩევანია. ხალხს სურს აფხაზეთში წასვლა, აფხაზეთის მოსახლეობას - რუსეთში. ეს გვავალდებულებს ბევრს, ამიტომ ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს არის ჩვენი სამომავლო მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, შევეხოთ სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხებს, გადაიჭრას საკითხები საბაჟო პოლიტიკის სფეროში, საგადასახადო კანონმდებლობაში, სოციალური პოლიტიკასა და სხვა სფეროებში. აქედან გამომდინარე, აქ არის ბევრი რამ გასაკეთებელი საპარლამენტო ჭრილში“, - განაცხადა ვოლოდინმა.

მან აღნიშნა, რომ „ასეთი კომუნიკაცია პირველად იყო“ და მოხარული იქნება, კვლავ ჩავიდეს სოხუმში.

„ძალიან გულწრფელი საუბარი გამოვიდა, ერთმანეთის უკეთ გაგება დავიწყეთ, ამ დისკუსიით გავიცანით ერთმანეთი. თუ ლაშა [პარლამენტის თავმჯდომარე] დაგვპატიჟებს, მოხარული ვიქნებით ისევ ჩამოვიდეთ“,- განაცხადა ვოლოდინმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა