ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ შესწორებებს მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გარკვეული დათქმით მხარი დაუჭირა.

კერძოდ, რეზოლუციის მეხუთე შესწორებაში, რომლის ავტორიცაა ევროპარლამენტის დეპუტატი მირიამ ლექსმანი, აღნიშნულია, რომ ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე, სანქციები უნდა დაუწესდეს იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა, რომ საქართველო ხელს უწყობს რუსეთს საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლაში.

„[ევროპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და სუბიექტები, სავარაუდოდ, საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად იყენებენ. მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს ამ ბრალდებების შემდგომი გამოკვლევისკენ, მათ შორის უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის შესწავლისკენ, სადაც ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებაა საუბარი. ამ ბრალდებების დადასტურების შემთხვევაში, ითხოვს პირადი სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი კომპანიების წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ უკრაინამ კრემლთან კავშირების გამო, სანქციები დაუწესა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის ახლო კომპანიონებს, რომლებიც რუსეთის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის ორაზროვანი პოზიციის უკან დგანან; ამ მხრივ, მიესალმება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტის მიღებას, რომელიც ახალი კრიტერიუმების ჩამონათვალს მოიცავს, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციების გვერდის ავლას“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის ანგარიშში.

ამ შესწორებას დღევანდელ სესიაზე მხარი 275-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი 212 ევროპარლამენტარი წავიდა. 132-მა კი თავი შეიკავა.

გარდა ამისა, დოკუმენტში ივანიშვილის შესახებ კიდევ ერთი ჩანაწერი მოხვდა. ამ შემთხვევაში შესწორების ავტორია ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.

„{ევროპარლამენტი} ხაზს უსვამს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცალკეული ადამიანების პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის საჭიროებას, როგორც ევროპული კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომელიც უნდა გადაიჭრას საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე;

რეკომენდაციას უწევს პირადი ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენების საკითხის სისტემურ გადაწყვეტას ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და რეგულატორული რეფორმების გატარების გზით;

ვიმეორებთ მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მისამართით, მიიღონ შესაბამისი ზომები, მათ შორის პირადი სანქციები დაწესდეს ივანიშვილისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც ხელს უწყობს და პასუხისმგებელია დემოკრატიული პოლიტიკური პროცესის გაუარესებაზე“,- ნათქვამია ანგარიშში. აღნიშნულ შესწორებას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 275-მა წევრმა, 212 წინააღმდეგ წავიდა, 132-მა კი თავი შეიკავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა