სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდო, რომ თუ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება კონსტრუქციული განწყობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესარჩევ კანდიდატებთან დაკავშირებით, ესეც შეიძლება აღმოჩნდეს პროცესისა და პერსპექტივების დამაზიანებელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ განაცხადა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შესარჩევ კანდიდატებთან გასაუბრებას შესანიშნავად გაართვა თავი.
„მიმდინარეობს გასაუბრებები და უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები იმ თვალსაზრისით, რომ ყველას, ვისაც ამის სურვილი და ინტერესი აქვს, დააკვირდეს ამ პროცესს, რათა საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს შეექმნას სრულფასოვანი შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის კარგი კანდიდატი, ვინ უარესი და ა.შ. ალბათ, ეს არის მთავარი ფუნქცია, რომელიც უნდა ჰქონოდა ამ გასაუბრებების პროცესს, რასაც იურიდიულმა კომიტეტმა შესანიშნავად გაართვა თავი. ასეთ პირობებში, ვფიქრობთ, რომ კარგი შესაძლებლობები იქნება იმისთვის, რომ პოლიტიკური კონსულტაციების შედეგად იოლად ჩამოვყალიბდეთ, თუ რომელი კანდიდატი შეიძლება იმსახურებდეს მხარდაჭერას. ომბუდსმენის კანდიდატის მსგავსად, აქაც არ კმარა მხოლოდ ხელისუფლების მხარდაჭერა და აუცილებელია ოპოზიციის მხარდაჭერაც, რათა კვალიფიციური უმრავლესობა გადაილახოს, მივაღწიოთ შედეგს და ავირჩიოთ კონკრეტული კანდიდატები. სამწუხაროდ, უნდა ვივარაუდო, რომ თუ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება კონსტრუქციული განწყობა, ესეც შეიძლება აღმოჩნდეს პროცესისა და პერსპექტივების დამაზიანებელი“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ამასთან, მან ისაუბრა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების ეტაპის დასრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც, ჰააგის სასამართლომ საქართველო გაამართლა და ეჭვმიტანილ პირებზე - მიხაილ მინძაევზე, გამლეტ გუჩმაზოვზე და დავიდ სანაკოევზე დაკავების ორდერები გასცა.
„ფორმალური სამართლებრივი პროცედურები ამის შემდეგ განსაზღვრული აქვს არა ხელისუფლებას, არამედ ჰააგის სასამართლოს. ხელისუფლების მხრიდან კი შენარჩუნდება აბსოლუტურად ურყევი და მიზანმიმართული სვლა იმ მიმართულებით, რასაც ქვეყნის დეოკუპაცია ჰქვია. ეს არის ერთ-ერთი განზომილება, რომლის მიმართულებითაც იბრძვის საქართველო და ამას წარმატებულადაც აკეთებს. ამას გარდა, არის დიპლომატიური შესაძლებლობები. ასევე არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობები, რასაც სჭირდება კონსოლიდაცია, ძალისხმევის შენარჩუნება და ვფიქრობ, რომ წარმატებაც არ დააყოვნებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გზებით მოვახერხებთ აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.