სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობა შეაჯამა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა კოკა კაციტაძემ მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 9 თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა.

ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტები სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების შედეგებზე, ღია და გამჭვირვალე გამოძიების უზრუნველყოფის და ინსტიტუციური განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაკეთდა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2022 წლის 1 მარტიდან გაზრდილი საგამოძიებო ქვემდებარეობით ამოქმედდა, რომელიც მოიცავს, როგორც სამართალდამცავების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას, ასევე, ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის და ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა ფაქტების გამოძიებას.

სამსახურმა 9 თვეში, 2 257 შეტყობინებაზე მოახდინა სამართლებრივი რეაგირება, გამოძიება დაიწყო 378 სისხლის სამართლის საქმეზე. დაწყებული საქმეების 56% სამართალდამცავების მიერ ჩადენილ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხება, 31% - მოქალაქეების მიერ ჩადენილ ადამიანის უფლებების და თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, მათ შორის პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს და სხვა. ხოლო დაწყებული საქმეების 13% კი - სამართალდამცავების მიერ ყოფით ნიადაგზე ჩადენილ ძალადობრივი დანაშაულებს ეხება. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გახსნა და პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 55 პირის მიმართ, მათ შორის 23 სამართალდამცავია.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ სირთულეებსა და გამოწვევებს, რომელსაც საგამოძიებო დეპარტამენტი სამართალდამცავების მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებისას აწყდება. ამ მიმართულებით საგამოძიებო სამსახურმა გამოავლინა და საქართველოს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 8 პირის მიმართ. ამ ტიპის საქმეების გამოძიების სირთულეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს გახსნილი საქმეების დადებითი ტენდენცია წინა წლებთან შედარებით. კერძოდ, 2022 წლის 9 თვეში (1 მარტიდან 30 ნოემბრის ჩათვლით) არასათანადო მოპყრობის ფაქტების გახსნის მაჩვენებელი, 2020 წლის მთლიან წელთან მიმართებით 100%-ით, ხოლო 2021 წელთან მიმართებით 33%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება გამოძიების შეწყვეტის მაჩვენებელს, საქართველოს პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, გამოძიება სამსახურის წარმოებაში არსებულ 53 სისხლის სამართლის საქმეზე შეწყვიტა. შეხვედრაზე აღინიშნა სამსახურის ინსტიტუციური განვითარების და მისი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოების მნიშვნელობის შესახებ, რა მიზნითაც სამსახურს 3 ახალი სამმართველო შეემატა, რომელიც თბილისში, თელავსა და ზუგდიდში განთავსდა. დროული და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად, კიდევ ერთი საგამოძიებო დანაყოფის გახსნა ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავში იგეგმება. სამსახურს მნიშვნელოვანი შედეგები აქვს ღია და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარების მიმართულებითაც. მიმდინარე წელს მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება საგამოძიებო პროცესში მსხვერპლთა ჩართულობის კუთხით - ევროპული სასამართლოს რეკომენდაციების საფუძველზე, უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაწილეობით, შეიქმნა სახელმძღვანელო, რის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება მსხვერპლს გამოძიების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს, რაც პრაქტიკაში წარმატებით ხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად კი სამსახურში მომავალი წლიდან მსხვერპლთა და მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამა აქტიურად ამოქმედდება.

„ასევე, შეხვედრაზე ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ ,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლის საფუძველზეც სამსახურის უფლებამოსილება და ფუნქციები სამოხელეო დანაშაულის და ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტების გამოძიების მიმართულებით ფართოვდება“, - აცხადებენ უწყებაში.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრას საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილეები და დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ესწრებოდნენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა