ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ფაქტზე, ამავე კლინიკის ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ამავე კლინიკის ექიმს, ვიოლეტა ინასარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეონა ეპიტაშვილმა მიიღო და აღნიშნულით მან პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, მან გადაწყვეტილების მიღებისას ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა გაითვალისწინა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვიოლეტა ინასარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

ბრალდების მხარე დაკავებულის 5 000-ლარიან გირაოს გამოყენებას ითხოვდა, დაცვის მხარე კი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების რომელიმე სახის გამოყენებას არ დაეთანხმა.

ადვოკატ ბონდო ვათიაშვილის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ვიოლეტა ინასარიძემ დაყოვნების ოთახი დატოვა, დადგენილი არ არის და მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ არის.

პროკურორ თამარ იაკობიძის განმარტებით კი, ვაქცინაციიდან 20 წუთში ბაქრაძის მდგომარეობა ისე დამძიმდა, რომ ის კომაში ჩავარდა. მანამდე კი, ბაქრაძეს კისრისა და გულ-მკერდის არეში სიწითლე - ჭინჭრის ციება ჰქონდა, რაც ანაფილაქსიური შოკის საწყისი ეტაპი იყო. პროკურორის თქმით, ბაქრაძეს დროული მკურნალობა არ ჩასტარებია.

ცნობისთვის, ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი 28 დეკემბერს წარუდგინეს.

პროკურატურის ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ვიოლეტა ინასარიძემ მეგი ბაქრაძე სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში იხილა, ის ვალდებული იყო მისთვის შესაბამისი მკურნალობა დაუყოვნებლივ ჩაეტარებინა, თუმცა, არასაპატიო მიზეზით ექთანს სათანადო პირველადი სამედიცინო დახმარება არ გაუწია და კლინიკის ტერიტორია დატოვა.

ექიმს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 130-ე მუხლის მეორე ნაწილით (ავადმყოფის განსაცდელში მიტოვება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიოლეტა ინასარიძეს ბრალი ასევე წარდგენილი აქვს გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო