შსს-ს დაკავებული თანამშრომლის ადვოკატი - მღებრიშვილი ვერ იხსენებს მომხდარს, როგორ განვითარდა მოვლენები - ექსპერტიზის დასკვნა არ არის და მოწმეც, რომელმაც ჩვენება მისცა, ვერ ამბობს, რომელი იარაღიდან გაისროლა

შსს-ს კადრების განკარგულებაში მყოფი თანამშრომელი, გიორგი მღებრიშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობაშია ბრალდებული, დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი მღებრიშვილის ადვოკატმა, გიორგი ყავლაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

ამასთან, ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდებულს არ აქვს მოლოდინი, რომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ რაიმე „შეღავათიანი გადაწყვეტილება“ იქნება მიღებული, ამიტომ დაცვის მხარე შუამდგომლობას არ დააყენებს.

„ბოლოს, გუშინ ვნახეთ, როდესაც ბრალი წარედგინა. შესაბამისად, მას შემდეგ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ მინახავს და არ ვიცი, მისი პოზიცია. გუშინაც, ისევე, როგორც წინა დღეს მას ჰქონდა ძალიან მძიმე ემოციური ფონი, ამიტომ ბრალდების ირგვლივ არაფერი გვისაუბრია. დღესაც შემიძლია იგივე ვთქვა, რომ ის ადამიანი, ვინც გარდაიცვალა მისი უახლოესი მეგობარი იყო, რომელსაც დიდ პატივს სცემდა. აქედან გამომდინარე, მისთვის წარმოუდგენელია, ეს ამბავი როგორ მოხდა. ვერ იხსენებს მომხდარს, როგორ განვითარდა მოვლენები, აქედან გამომდინარე მას სხვა პოზიცია ბრალდებასთან მიმართებით არ გააჩნია. ვინაიდან მას ჩვენების მიცემა არ შეეძლო და ამისთვის ჯანმრთელობის თვალსაზრისით მზად არ იყო, სამართლებრივად გამოყენებული გვაქვს დუმილის უფლება. ბრალდების მხარე პატიმრობას ითხოვს. მოგეხსენებათ, მძიმე ბრალდების საქმეა და ამიტომ მოთხოვნაც ეს იქნება. მიუხედავად იმისა, რა პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს დაცვის მხარეს ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე ნაკლებ სავარაუდოა, რომ სასამართლომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს. თვითონ ბატონი მღებრიშვილის პოზიცია არ გახლავთ ისეთი, რომ ამ მხრივ ფიქრობდეს, რაიმე შეღავათიანი გადაწყვეტილება მიიღოს დღეს [სასამართლომ]. ვფიქრობ, რომ შუამდგომლობას არ დავაყენებთ“, - აცხადებს გიორგი ყავლაშვილი.

ასევე ადვოკატის განმარტებით, დადგენილი არ არის, თუ რომელი იარაღით ჩაიდინა დანაშაული გიორგი მღებრიშვილმა, ეს იყო უკანონო თუ სამსახურებრივი იარაღი.

მისივე თქმით, ამის შესახებ, ამ ეტაპზე, ექსპერტიზის დასკვნა არ არის და მოწმეც, რომელმაც ჩვენება მისცა, ვერ ამბობს, კონკრეტულად, რომელი იარაღიდან მოხდა გასროლა.

ადვოკატის თქმითვე, არ აქვს ინფორმაცია, მღებრიშვილი სამსახურიდან საკუთარი სურვილით წამოვიდა თუ არა.

ცნობისთვის, შსს-ს კადრების განკარგულების დეპარტამენტის თანამშრომელი, გიორგი მღებრიშვილი ბრალდებულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, ალექსანდრე შეყელაძის მკვლელობაზე. მღებრიშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო