პროკურორი მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელზე - გიორგი ბეროზაშვილს ამ სასტიკი დანაშაულის მიმართ არანაირი სინანული არ გააჩნია

გიორგი ბეროზაშვილს ამ სასტიკი დანაშაულის მიმართ არანაირი სინანული არ გააჩნია, - ამის შესახებ პროკურორმა გრიგოლ ბიბილაშვილმა მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, ექსპერტიზით დადგენილია, რომ ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფსიქიკურად დაავადებული არ ყოფილა.

პროკურორის თქმით, ბრალდებულმა დეტალურად აღწერა მშობლების მკვლელობა, მათ შორის თქვა, რომ მამის მკვლელობა რამდენიმე დღით ადრე დაგეგმა და ის გაუფორმებელი იარაღით განახორციელა. პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა აღნიშნა ისიც, რომ მამის მოკვლის შემდეგ ესროლა დედას, რომელსაც სხვა ოთახში ეძინა. როგორც ბრალდების მხარემ განაცხადა, ამის შემდეგ დაგეგმა ბეროზაშვილმა საკუთარ სახლში ქურდობისა და ყაჩაღობის ინსცენირება.

რაც შეეხება ბრალდებულის პოზიციას, რომ მას მშობლები არ მოუკლავს და თავდაპირველად აღიარებითი ჩვენება პოლიციის ზეწოლის ქვეშ მისცა, გრიგოლ ბიბილაშვილის თქმით, ბეროზაშვილმა ეჭვის დონეზეც კი ვერ მიუთითა, თუ რა მიზეზი უნდა ჰქონოდა პოლიციას, მისთვის მშობლების მკვლელობა დაებრალებინა. ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმეზე აღებული გენეტიკური მასალები ბრალდებულ გიორგი ბეროზაშვილს ეკუთვნის, რაც ადასტურებს იმას, რომ გიორგი ბეროზაშვილმა მშობლების მკვლელობა ჩაიდინა. აქედან გამომდინარე, ბრალდების მხარის თქმით, ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის მიმართ სამართლებრივ პასუხს უმკაცრესი სასჯელი წარმოადგენს.

ბრალდების მხარის პოზიციას არ იზიარებს დაცვის მხარე. როგორც სხდომაზე ადვოკატმა გიორგი ანთიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში სრულიად უდანაშაულოა. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

ადვოკატის თქმით, ბეროზაშვილს მშობლებთან კონფლიქტი არ ჰქონია, პირიქით, მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა.

ამასთან, ადვოკატი ამტკიცებს, რომ მომხდარის შემდგომ „მიცვალებულები გაძარცვეს“, თუმცა ეს მის დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია. მისივე განმარტებით, ბრალდებულის დებმა თქვეს, რომ მაროდიორობას გამოძიების ჩატარებისას პოლიციელების მხრიდან ჰქონდა ადგილი.

რაც შეხება ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას, ადვოკატის თქმით, ის პოლიციამ ფარული ჩაწერის შედეგად მოიპოვა.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 2022 წლის 27 აპრილს მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. შსს-ს ცნობით, 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო