საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ და ციხის საავადმყოფოში ყოფნის ვიდეო მასალები დღემდე ადვოკატებისთვის არ გადაუცია.
როგორც ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ის სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ერთ დღეს აძლევს კადრების გადმოცემისთვის, თუ უწყება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის განჩინებას არ შეასრულებს, ადვოკატები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისთვის მიმართავენ.
„სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს 14 იანვარს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ და ციხის საავადმყოფოში ყოფნის ვიდეო მასალები უნდა გადმოეცა, რომელიც დღემდე არ მიგვიღია. ჩვენ დაველოდებით, თუ დღეს ჩანაწერებს არ გადმოგვცეს, ამ შემთხვევაში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყებისთვის მივმართავთ“,- აცხადებს ხაჭაპურიძე.
ამასთან, ადვოკატის განმარტებით, 17 იანვარს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებას, ან სასჯელისგან გათავისუფლებას ეხება, ამერიკელი პროფესორი, ჯეიმს კობი გამოიკითხება.
„ხვალინდელ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ნობელის პრემიის ლაურეატი, ამერიკელი პროფესორი, ჯეიმს კობი გამოიკითხება. პარალელურად ვგეგმავთ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის გამოკითხვას, ოღონდ ჯერ უნდა გავიარო მასთან კონსულტაცია“,-განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.