ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს პროკურატურა გაასაჩივრებს

ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მსჯავრდებულების მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს საქართველოს გენერალური პროკურატურა ეხმაურება.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

„საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, რომლითაც 5 ივლისს, TV პირველის ოპერატორის და ჟურნალისტის, ასევე პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, მსჯავრდებულები ნაწილობრივ გამართლდნენ და აღნიშნულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით და პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე გასამართი „ღირსების მარშის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე დ.კ.-მ, თ.დ.-მ, ა.ნ.-მ, ო.გ.-მ, ც.ჩ.-მ, და გ.გ.-მ, ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებით, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ასევე ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე ჯგუფური ძალადობა განახორციელეს, რა დროსაც დაზარალებულებს სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, დააზიანეს და გაანადგურეს მათი ტექნიკა და პირადი ნივთები. ასევე, დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ წევრების და მათი მხარდამჭერების სხვადასხვა სავარაუდო ადგილსამყოფელი.

ექვსივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებულ ჯგუფურ მოქმედებებში მონაწილეობა); 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამიწვია) და 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი მსხვერპლის სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით; ჯგუფურად) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ექვსივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სააპელაციო სასამართლომ 225-ე მუხლის ნაწილში (ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) მსჯავრდებულები გაამართლა და დამნაშავედ ცნო ბრალად წარდგენილ სხვა ქმედებებში, ამასთან, დანიშნული სასჯელი შეუმცირა და თითოეულ მათგანს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი