ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი - არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. აღნიშნულის შესახებ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, საქმეში ბრალდებისთვის საკმარისი მტკიცებულებები დევს.

„რაც შეეხება წინასასამართლოს სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობას, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიც მოსულია, ასევე საინჟინრო-ტექნიკური, შრომის უსაფრთხოების ექსპერტიზის. აღნიშნულ დასკვნებს შესწავლისთვის გარკვეული დრო სჭირდება. აღნიშნული მტკიცებულებები ზეგავლენას მოახდენს შემდგომში ბრალდების დამძიმების საკითხზე. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას და ბრალდების დადგენილებას, რომლებიც წარდგენილი აქვთ ბრალდებულებს, არის დასაბუთებული ვარაუდის საკმარისი სტანდარტი, არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, შუალედური ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები. შესაბამისად, საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებისთვის“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.

პროკურორის თქმით, ექსპერტიზის პასუხები გახდება საფუძველი იმისა, რომ ბრალდების მხარემ გადაჭრით თქვას, თუ რა მუხლითა და კვალიფიკაციით შეიძლება დაზუსტდეს ბრალი.

„რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ექსპერტიზები საკმაოდ მოცულობითია და დასკვნები ზეგავლენას მოახდენენ სხვადასხვა პირის პასუხისმგებლობის საკითხზე. ხოლო ის განცხადებები, რაც ბრალდებულმა {ლაშა ფურცხვანიძემ} წინა სხდომაზე გააკეთა, არის სიცრუე და რა თქმა უნდა, არ შეესაბამებოდა სიმართლეს“, - აღნიშნა პროკურორმა.

ცნობისთვის, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლო ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე აღკვეთის ღონისძიების დატოვების მიზანშეწონილობას განიხილავს.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო