თბილისის საქალაქო სასამართლოში „ვაკის პარკში“ მომხდარ ტრაგედიაზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ვაკის პარკში“ მომხდარ ტრაგედიაზე პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო აღკვეთი ღონისძიების, პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობას განიხილავს. საქმის პროკურორმა სასამართლოს მიმართა, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩეს.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, როგორც სხდომის დაწყებამდე ერთ- ერთი ბრალდებულის ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე აპირებს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რომ ლაშა ფურცხვანიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს.

„დღევანდელ პროცესზე სასამართლო გამიხილავს აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების მიზანშეწონილობას. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე ვიშუამდგომლებთ რომ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს ბრალდებულ ფურცხვანიძის მიმართ, ვინაიდან ფაქტია, რომ უკვე მეორე დამატებითი ვადის განმავლობაშიც კი, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო მტკიცებულებების მოგროვება, რაც საკმარისი იქნებოდა საქმის სასამართლოში გასაგზავნად. მან კიდევ ახალი დამატებითი დრო აიღო. დაუშვებელია, რომ ბრალდების მხარემ ყოველ დამატებით ახალ დროსთან დაკავშირებით მიღებული და გაგრძელებული ვადების შემთხვევაში დაპატიმრება იყოს შენარჩუნებული. სასამართლოს პრეცედენტული სამართალი და გარანტირებული უფლება მოიცავს იმას, რომ ყოველი ახალი დამატებითი ვადისთვის დამატებითი არგუმენტაცია იყოს დაპატიმრების სასარგებლოდ. ჩვენ შემთხვევაში კი, პირიქით, ასეთი არანაირი საფუძველი არ არსებობს და ყველა შესაძლებლობა აქვს სასამართლოს იმისთვის, რომ გააუქმოს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება თუ, რა თქმა უნდა, სამართლებრივად იქნება საკითხი განხილული”, - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ბრალდებულებიც ესწრებიან.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო