ყოფილი პოლიციელის საქმის პროკურორი - მკვლელის გარდა, ვერავის ეცოდინებოდა ზაზა ბეროზაშვილს ტყვიები სად ჰქონდა მოხვედრილი და რა იარაღით იყო გასრილა, ვინაიდან მისი ცხედარი დამწვარი იყო

მკვლელის გარდა, ვერავის ეცოდინებოდა ზაზა ბეროზაშვილს ტყვიები სად ჰქონდა მოხვედრილი და რა იარაღით იყო გასრილა, ვინაიდან მისი ცხედარი დამწვარი იყო,- ამის შესახებ მშობლების მკვლელობაში ბრალდებულის, ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ განაცხადა.

როგორც იაკობიძე განმარტავს, ყველა გარემოება, რაც ბრალდებულმა გამოძიების ეტაპზე აღიარებით ჩვენებაში განაცხადა, სხვადასხვა სახის ექსპერტიზებით დადასტურდა.

"ბრალდების მხარემ საქმეზე არაერთი მტკიცებულება წარადგინა, მათ შორის, საცხოვრებელი სახლიდან წაღებული ნივთები ამოღებულია გიორგი ბეროზაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან. ასევე, მკვლელობის იარაღები ამოღებულია მათი ოჯახის კუთვნილი ავტოფარეხებიდან. მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ბეროზაშვილმა პოლიციის თანამშრომელს 2022 წლის 27 აპრილს, ზუსტი ლოკაციები და ზუსტი იარაღები უთხრა, თუ საიდან მოხდა გასროლა, როგორც მამის, ასევე დედის მიმართ. სამედიცინო, ბალისტიკური და სხვა ექსპერტიზის დასკვნებით, ბეროზაშვილის ნათქვამი დეტალურად დადასტურდა. აქ არის მნიშვნელოვანი გარემოება - ზაზა ბეროზაშვილის ცხედარი იყო დამწვარი, შესაბამისად, წინასწარ განჭვრეტა, რა ადგილას და მითუმეტეს, რა იარაღით იყო განხორციელებული მკვლელობა, ეს შეუძლებელი იყო, თუმცა, ეს დეტალურად იცოდა გიორგი ბეროზაშვილმა.

დაშვების დონეზეც რომ დავუშვათ, ვინმემ რამე აიძულა, ფიზიკურად, მკვლელის გარდა, ვერავის ეცოდინებოდა, ზაზა ბეროზაშვილს ტყვიები სად ჰქონდა მოხვედრილი და რა იარაღით იყო სროლა განხორციელებული. მნიშვნელოვანია ის, რომ მკვლელობა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. ბეროზაშვილმა პოლიციის თანამშრომელს ზუსტად დაუსახელა, დედას რა იარაღით ესროლა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებმა დაადასტურეს",- განაცხადა იაკობიძემ.

ბრალდების მხარეს აღნიშნულ საქმეზე მკაცრი განაჩენის მოლოდინი აქვს.

განაჩენი 23 იანვარს, 10:30 საათზე გამოცხადდება.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა