ლაშა ფურცხვანიძე მოსამართლეს - მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ - ჩემი ერთადერთი თხოვნაა, დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ვაკის პარკში მომხდარ ფაქტთან მიმართებაში ასევე არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, შეუცვალეთ პატიმრობა

პატივცემულო მოსამართლევ, მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა - დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით, შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება, - ამ სიტყვებით ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე ბრალდებულმა, კომპანია „გრინსერვის პლუსის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა ფურცხვანიძემ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლეს მიმართა.

მანამდე კი ბრალდებული გამოეხმაურა პროცესზე პროკურორის მიერ ნათქვამ სიტყვებს ვაკის პარკის შადრევანში მაღალი ძაბვის გაყვანილობის შესახებ, რამაც მისივე თქმით, შემთხვევა გამოიწვია. ფურცხვანიძემ კითხვით მიმართა პროკურორს, თუ რა ახალი გარემოებები გააჩნია ბრალდებას მისი პატიმრობაში ყოფნასთან დაკავშირებით.

„უკვე მოვითხოვ, წარმოადგინოთ, რა ახალი გარემოებები გაგაჩნიათ. რამდენჯერმე ახსენეთ „მაღალი ძაბვა“, ხომ არ მეშლება? 220 და 380 ვოლტი არ არის მაღალი ძაბვა. 360 ვოლტი - ასეთი საერთოდ არ არსებობს. ვიმეორებ, მე მესმის, რომ არ გაქვთ სპეციფიკური ცოდნა, მაგრამ როდესაც ადამიანის პატიმრობას ითხოვთ, კეთილი ინებეთ და წაიკითხეთ და ისე გააკეთეთ განცხადებები, ძალიან გთხოვთ. თქვენ თუ გინდათ, რომ უბრალოდ მე ვიყო პატიმრობაში, მითხარით და ვიქნები პატიმრობაში.უბრალოდ, ვერ გავიგე დანარჩენი ადამიანები რა საფუძვლით უნდა იყვნენ პატიმრობაში? პატივცემულო მოსამართლევ, მე მესმის, რომ თქვენ არა კი არა, ვერ გამათავისუფლებთ და ვერ შემიფარდებთ სხვა ღონისძიებას, მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი ერთადერთი თხოვნაა - დანარჩენ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენნაირად არანაირი დანაშაული არ მიუძღვით და ჩემ შემთხვევაში, მე ღმერთის წინაშე ნამდვილად არ ვარ დამნაშავე, გთხოვთ, ამ ადამიანებს შეუცვალეთ აღკვეთის ღონისძიება. მეტი არაფერი მინდა“, - მიმართა ლაშა ფურცხვანიძემ მოსამართლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში “ვაკის პარკში” მომხდარ ტრაგედიაზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულებიც ესწრებიან.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია "გრინსერვის პლუსის" ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას.

რაც შეეხება თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედება, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე, დაკავებულია შპს „გრინსერვის+“-ის საქმის მწარმოებელი - ბ.მ. და შპს „ნიუ მეტალ დიზაინის“ წარმომადგენელი - ლ.ჭ. მათ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. „გრინსერვის +“-ის კიდევ ერთ თანამშრომელს - დ.კ.-ს კი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ედება ბრალი, რაც ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზებას გულისხმობს. დაკავებული არიან ასევე, შპს ,,მშენექსპერტის“ დირექტორი - ნ.ქ. და ამავე კომპანიის ინსპექტორი - დავით თუშიშვილი. მათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღებას. ასევე, დაკავებულია 2 კერძო ელექტროშემდუღებელი - გ.გ. და ვ. გ. მათ ბრალი ედებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ასევე შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას, მარიტა მეფარიშვილის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა