მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურას ბეროზაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში მტკიცებულებები არ წარუდგენია

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელის, გიორგი ბეროზაშვილის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, პროკურატურას ბეროზაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში მტკიცებულებები არ წარუდგენია.

დაცვის მხარეს მოსამართლისგან ობიექტური განაჩენის მოლოდინი აქვს.

„არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენიათ, რომელიც დაადასტურებდა ამ უმძიმეს დანაშაულში გიორგი ბეროზაშვილის რამე ბრალს. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ სასამართლო სწორად შეაფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოიტანს სამართლიან და ობიექტურ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ანთაძე.

კითხვაზე, თუ როგორ ახსნის იმ ფაქტს, რომ ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე, ფარულად განხორციელებულ ვიდეოჩანაწერში, ასევე სასამართლოს პირველ სხდომაზე მშობლების მკვლელობა აღიარა, ახლა კი დანაშაულს არ აღიარებს, ადვოკატი ასე პასუხობს:

„საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ის ვიდეოჩანაწერი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულება ერთმანეთთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოვიდა, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ვიდეოჩანაწერში გაჟღერებული მოსაზრება და ვერსია, შეთხზული იყო, თუ ვისი მხრიდან, ამასთან დაკავშირებით, თავად ბეროზაშვილმა ისაუბრა. საქმეში წარმოდგენილია შემთხვევის დათვალიერების ოქმი, რომელიც დასურათებულია, სადაც ნათლად ჩანს, სად არის მიყენებული ცეცხლსასროლი იარაღიდან შესაბამისი ჭრილობა. შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ, რომ სასამართლო მტკიცებულებებს სწორად შეაფასებს, სწორედ, ამის იმედი გვაქვს, სასამართლო დაინახავს, რომ ბრალდების მხარე ასე აშკარად ცდილობს სასამართლო შეცდომაში შეიყვანოს“, - განაცხადა ანთაძემ.

ცნობისთვის, ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიმდინარე წლის 27 აპრილს ხანძარი მოხდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო