ანდრეი კასიანოვი - მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს უკრაინის ომბუდსმენს, ამ თხოვნით გავგზავნეთ წერილი, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ მიგვიღია

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებით, მათ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ გასული წლის 17 დეკემბერს მიმართეს თხოვნით, მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლება მიეცათ უკრაინის ომბუდსმენისთვის, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ამის შესახებ ანდრეი კასიანოვმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

მან თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, მოიღონ მოწყალება და ის სამკურნალოდ ევროპის ან ამერიკის წამყვან კლინიკაში გადაიყვანონ.

„საზღვარგარეთ უკრაინის მოქალაქეების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვა ყოველთვის იყო და რჩება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საგარეო დიპლომატიური მისიების პრიორიტეტი. სწორედ ასეთი პოზიციებიდან მუშაობს უკრაინის საელჩო საქართველოში, უკრაინის მოქალაქის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. უკრაინა ღრმად არის შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესებით. მისი კრიტიკული მდგომარეობისა და სიცოცხლისთვის უშალო საფრთხეების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, განიხილოს მისი მკურნალობისთვის უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში გადაყვანის შესაძლებლობა. ეს იყო პრეზიდენტის წინასაახალწლო მიმართვაში. ასევე, ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებულს დმიტრო ლუბინეცსს. ამ თხოვნით მივმართეთ 2022 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მისამართზე გავაგზავნეთ ლუბიუნეცის წერილი, რატი ბრეგაძის მისამართზე, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი ჩვენ არ მიგვიღია.

უფრო მეტს გეტყვით, მე პირადად მქონდა კონტაქტი პრეზიდენტთან, ასევე საახალწლო მიღების დროს, მივმართე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ მისცეს ჩვენს ომბუდსმენს შესვლის ნებართვა იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, რომელიც უკვე არის სიკვდილის ზღვარზე. უკრაინა გამომდინარეობს იქიდან, რომ სააკაშვილისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხი არა პოლიტიკურ, არამედ ჰუმანიტარულ ჭრილშია ამიტომ, დაჟინებით ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოიჩინოს მოწყალება და სამკურნალოდ გადაიყვანოს იგი ევროპის ან აშშ-ს წამყვან სამედიცინო დაწესებულებაში მხოლოდ მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

ჩვენ უშუალოდ ვაკვირდებით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. კონსული თავისი მოვალეობის შესრულების მიზნით, რეგულარულად მიდის მიხეილ სააკაშვილთან, ის უყურებს სააკაშვილს და ხედავს, რომ მან დაკარგა 50-ზე მეტი კილოგრამი თავისი წონის, ის კვდება იმ ციხეში - ამას ეფუძნება უკრაინის მოთხოვნა. პოდოლიაკმაც თქვა, გამოიჩინეთ მოწყალება, გაათავისუფლეთ სააკაშვილი, გადაარჩინეთ მისი სიცოცხლე, ჩაუტარეთ მკურნალობა, რეაბილიტაცია. ექიმები, რომლებიც ჩვენთან მოდიან, ამბობენ, რომ მას აქვს 14 მძიმე დიაგნოზი, მთავარი დიაგნოზი ეს არის მოწამვლა მძიმე მეტალებით, ნახეთ რას ამბობენ ექიმები სასამართლოზე მის მდგომარეობასთან დაკავშირებით!

უკრაინის მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დავიცვათ კანონიერი უფლებები და ინტერესები მიხეილ სააკაშვილის, როგორც უკრაინის მოქალაქის“,- განაცხადა კასიანოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა