იუსტიციის მინისტრის მოადგილე - არსებით ნაწილში მთავარ კითხვას ევროპულმა სასამართლომ გასცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა

არსებით ნაწილში მთავარ კითხვას ევროპულმა სასამართლომ გასცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ძამაშვილის თქმით, ფაქტობრივად, გამოირიცხა ის ვერსიაც, რომელიც საწყის ეტაპზე გახმიანდა, თითქოსდა ხელყუმბარა საქმეში „ჩადებულია“.

„მთავარი, რაზეც ევროპულ სასამართლოს უნდა გაეკეთებინა შეფასება, რამდენად ჩატარდა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში 2017 წლის დეკემბერში სოფელ დუისში კონტრტერორისტული ოპერაცია, ამ ნაწილში ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა ევროპული კონვენციის დარღვევა. კერძოდ, სასამართლოს შეფასებით, საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს სპეცოპერაციის დროს იარაღის ძალის გამოყენებას, არის სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან. რაც შეეხება სპეცოპერაციის ჩატარების ფაქტს, ამ ნაწილშიც ხარვეზები ვერ დაინახა ევროპულმა სასამართლომ. მისი შეფასებით, ის ოფიციალური ვერსია, რომელიც გამოძიებამ დაადგინა, კერძოდ, ვერსია, რომ გასროლა განხორციელდა დაკავების ოპერაციის დროს, რადგან სპეცრაზმელმა აუცილებლად ჩათვალა ხელყუმბარის განეიტრალება, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ არის სარწმუნო, და საქმეში არ მოიპოვება არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც საპირისპირო დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამით, ფაქტობრივად, გამოირიცხა ის ვერსიაც, რომელიც საწყის ეტაპზე გახმიანდა, თითქოსდა ხელყუმბარა საქმეში „ჩადებულია“. ეს ვერსია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოირიცხა და არსებით ნაწილში მთავარ კითხვას გაეცა პასუხი, რომ სიცოცხლის უფლება არ დარღვეულა“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა, რომლის კომენტარსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ბიძინა ლებანიძე - სრულიად გაუგებარია, ან ხელისუფლების მხარდამჭერებს რა უხარიათ და ან ხელისუფლების ოპონენტებს, რეალურად, მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად არ მომხდარა
გიორგი ცუცქირიძე - ლარის კურსის ვარდნა ეკონომიკაში ფუნდამენტურ ცვლილებებს არ უკავშირდება და აჟიოტაჟის შედეგი იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
„მოირგე დრო“ -  დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგის“ ახალი საკომუნიკაციო კამპანია
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი