ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროკურორი - მიგვაჩნია, რომ სასამართლო განაჩენს იმ კვალიფიკაციით დაადგენს, რა კვალიფიკაციითაც ბრალდების მხარე მსჯავრდებულებს ედავება

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა სასამართლოს მიერ არასწორად დადგენილი თაღლითობის ბრალის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კვალიფიკაციით შეცვალა.

როგორც პროკურორმა სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება გაიზიარა. მისივე თქმით, ის ელის, რომ სასამართლო სასჯელის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას შეიცვლის.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს მსჯავრდებულებმა თავიანთი საბოლოო სიტყვები წარმოთქვეს. ამ სიტყვებში გამოთქმული მოსაზრებები, ბუნებრივია, საქმის მასალებსა და მტკიცებულებებს ეწინააღმდეგება. ჩვენ ეს სასამართლოზე დავამტკიცეთ. სწორედ ამიტომ გაიზიარა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება.

რაც შეეხება საბოლოო გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას შეცვლის და განაჩენს იმ კვალიფიკაციით დაადგენს, რა კვალიფიკაციითაც ბრალდების მხარე მსჯავრდებულებს ედავება. აქ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია იგულისხმება. ჩვენი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა, რომ კვალიფიკაცია, ანუ თაღლითობა, რომელიც სასამართლომ არასწორად დაადგინა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კვალიფიკაციით შეიცვალოს", - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის საქმის განხილვის ბოლო, დასკვნითი სხდომა გაიმართა. მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა, თუმცა უცნობია, დაზუსტებით როდის გამოცხადდება საბოლოო განაჩენი.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბრალდებულები - მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო