პროკურორი მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელისთვის უვადო პატიმრობის მისჯას სამართლიან სასჯელს უწოდებს

პროკურორი თამარ იაკობიძე სამართლიან სასჯელს უწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი ბეროზაშვილს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. როგორც საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ბრალდებული ყოფილი პოლიციელი დამნაშავედ ცნო უმწეო მდგომარეობაში მყოფი მშობლების განზრახ მკვლელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის. მისი თქმით, სასამართლომ ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა აბსოლუტურად სამართლიანად განუსაზღვრა.

რაც შეეხება ბრალდებულის მხრიდან სასამართლო პროცესზე გაცხადებულ პოზიციებს, რითაც ის უარყოფდა თავდაპირველად მიცემულ აღიარებით ჩვენებას და განმარტავდა, რომ მშობლები მას არ მოუკლავს, ასევე მიუთითებდა იმაზე, რომ სამართალდამცავებმა მისი სახლის ჩხრეკისას მოიპარეს ფულადი თანხა და ძვირფასეულობა, პროკურორი განმარტავს, რომ გიორგი ბეროზაშვილის მიერ გაკეთებული აღნიშნული განცხადებები დამაჯერებელი არ იყო, ვინაიდან საქმეზე ჩატარებული გამოძიებით სხვა გარემოებები დასტურდებოდა და სასამართლოს განაჩენმა ეს დაადასტურა. პროკურორის თქმით, პოლიციის თანამშრომლების დაუღალავი შრომის შედეგად საქმეზე შეკრებილი იყო მტკიცებულებები, რომელიც სასამართლო პროცესზე გამოიკვლიეს. ამიტომ, თამარ იაკობიძის განმარტებით, პასუხისმგებლობისგან გაქცევის მიზნით ბრალდებულის მიერ გაკეთებული განცხადებები ვერ იქნება დამაჯერებელი.

„ბრალდებული აცხადებდა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მისი სახლიდან წაიღეს ოქრო, რომელიც შემდეგ მისი ავტომობილიდან იქნა ამოღებული. დანაშაული არის უმძიმესი, მძინარე მდგომარეობაში მყოფი მშობლების განზრახ მკვლელობა. სასამართლომ გაითვალისწინა ყველა გარემოება, მათ შორის გაითვალისწინა ბრალდებულის პოზიცია, რომელიც არც ერთ პროცესზე არ აღიარებდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს და მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომ მისთვის უვადო თავისუფლება განესაზღვრა, რასაც ბრალდების მხარე აფასებს, როგორც სამართლიან სასჯელს", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

პროკურორმა ასევე ისაუბრა ვერსიაზე, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია.

„ვინაიდან მოსალოდნელი სასჯელი იყო მკაცრი, მათ შორის უვადო თავისუფლების აღკვეთა, ლოგიკურია, რომ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით ის შეეცადა სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. თუმცა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით საპირისპირო დადასტურდა", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2022 წლის 27 აპრილს, ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო