ადვოკატის განცხადებით, სასამართლოს მიერ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელისთვის უვადო პატიმრობის მისჯა მათთვის მოულოდნელი იყო

ადვოკატი გიორგი ანთაძე აცხადებს, რომ დაცვის მხარისთვის მოულოდნელი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, მშობლების მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს, გიორგი ბეროზაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა. როგორც სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაელოდება დასაბუთებულ განაჩენს, რომელსაც სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო განაჩენში დაასაბუთებს, თუ რატომ არ გაიზიარა ბრალდებულის პოზიცია, რითაც ის მშობლების მკვლელობას უარყოფდა.

“ჩვენ ვფიქრობთ, დაცვის მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მსგავსი განაჩენი არ დამდგარიყო. რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოკლა, როგორ მოკლა, ამის თაობაზე თავად გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება ბრალდებულის მიერ სასამართლო პროცესებზე გაკეთებულ განცხადებებს, რომ პოლიციამ მისი სახლის ჩხრეკისას ფულადი თანხა და ძვირფასეულობა მოიპარა, როგორც ადვოკატი განმარტავს, ამის შესახებ პოზიციას უახლოეს პერიოდში შეათანხმებს მის დაცვის ქვეშ მყოფთან და მიიღებს გადაწყვეტილებას შესაბამის მოქმედებებზე. გიორგი ანთაძის თქმით, საგამოძიებო ორგანოები ამ მიმართულებით საქმეზე არ დაინტერესებულან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გიორგი ბეროზაშვილი დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მიესაჯა.

შეგახსენებთ, რომ ვაზისუბანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2022 წლის 27 აპრილს, ხანძარი გაჩნდა, რომელსაც წინ მკვლელობა უძღოდა. 30 წლის გიორგი ბეროზაშვილმა მძინარე მშობლები ჯერ მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა. ბეროზაშვილის მშობლების - ზაზა ბეროზაშვილისა და ლალი თავაძის ცხედრებს, რომლებიც ხანძრის შემდეგ იპოვეს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირება მოახდინა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლს ცეცხლი წაუკიდა და მიიმალა. გიორგი ბეროზაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, და 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა- შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის ორი წევრის მიმართ გულისხმობს. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო