რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახმა და ადვოკატებმა საქართველოს პროკურატურასთან აქცია გამართეს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახმა და ადვოკატებმა საქართველოს პროკურატურასთან აქცია გამართეს.

ოჯახი და ადვოკატები ყველა იმ პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ, ვისაც, შესაძლოა, ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალებაში ბრალი მიუძღოდეს.

აქციაზე გარდაცვლილის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, საუბარი იყოს 10 ან 20 ადამიანზე.

„პასუხისგებაში უნდა მიეცეს აბსოლუტურად ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის მკვლელობაში. არ გამოვრიცხავ, რომ საუბარი იყოს 10-20 ადამიანზე - დაწყებული მათგან, ვინც ჩემი შვილი კლინიკის პირველ სართულზე უპატრონოდ მიაგდო და არ აძლევდა არც საკვებს, არ წყალს“, - აღნიშნა გარდაცვლილი მამამ.

ჩარკვიანის განმარტებით, არსებობს გარკვეული ჩანაწერები იმის შესახებ, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყოფნის დროს მის შვილს სათანადო ყურადღებას არ აქცევდნენ.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ - არსებობს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ 25 და 14 საათით არ შედიოდნენ მასთან. ასევე არის ჩემი შვილის მიმოწერები იმის შესახებ, რომ „ექიმი არ შემოდის“, „წამალი არ გაუკეთებია“, „ჩემთვის ნემსი არ გაუკეთებიათ“ - სხვა უამრავი ფაქტი არსებობს და ამასთან ერთად მას საჭმელს არ აჭმევდნენ“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა ასევე განაცხადა, რომ ნივთმტკიცებულების დათვალიერების ჟურნალში გახსნილია ნარკოტიკების აღრიცხვის ჟურნალი, სადაც „ცალსახად დათვლილი და დაფიქსირებულია 567 ამპულა ფენტალინი“.

„სისხლის სამართლის საქმეში ჩადებულია ექსპერტიზის დასკვნა, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არასრული 20 დღის განმავლობაში გაუკეთდა 567 ამპულა ფენტალინი, 211 ამპულა მიდაზოლამი, მორფინი, კეტამინი, პროკოფოლი, ჰაროპერიდოლი და სხვა ანტიბიოტიკები. აქედან გამომდინარე, ექსპერტთან დასმული იყო ერთადერთი კითხვა - რა შეიძლებოდა გამოეწვია აღნიშნულს? ექსპერტმა პირდაპირ და ცალსახად თქვა, რომ აღნიშნული პრეპარატები აღნიშნული დოზებით მიაჩნია სასიკვდილოდ. კერძოდ, ეს იწვევს სასუნთქი გზების დათრგუნვას, კომას და სიკვდილს.

გარდაცვალების შემდეგ გვამს ექსპერტიზა არ ჩაუტარდა. ექსპერტიზა ჩატარდა პროფესორ ელენე კავსაძის ჩვენების საფუძველზე.

აღარაფერი უნდა გამიკვირდეს ამ ექიმებისგან. დღეს თავის მართლების პროცედურებში არიან და იმართლებენ თავს და ამბობენ, რომ საჭირო იყო და ეს წამლები ამიტომაც გაუკეთეს, მაგრამ არცერთ გაიდლაინში არ არის მითითებული ის, რომ ამხელა დოზა ფენტალინი გაეკეთებინათ ჩემი შვილისთვის“, - განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.

თავის მხრივ, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, რომ აქციები არ გაჩერდება, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან.

ცნობისთვის, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“ გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა