პროკურორის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილსა და გიორგი კაჭკაჭაშვილს ძმებმა კაკულიებმა ესროლეს

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილსა და გიორგი კაჭკაჭაშვილს იარაღით ძმები, დავით და გურამ კაკულიები დაესხნენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა დაზარალებულების, ქურთიაშვილისა და კაჭკაჭიშვილის მიერ სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებას, რომ მათზე თავდასხმა ძმებ კაკულიებს არ განუხორციელებიათ.

პროკურორის თქმით, ბრალდებულების გამტყუნება თუ გამართლება საბოლოოდ სასამართლოს პრეროგატივაა და შესაბამისად, დაზარალებულები ბრალდებულებს ვერ გაამართლებენ. როგორც პროკურორმა აღნიშნა, როდესაც ძმებ კაკულიებს ბრალი წარუდგინეს, დაზარალებულების - სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის მიერ მიწოდებულ ჩვენებას, მაინც და მაინც, არ ემყარებოდნენ იმიტომ, რომ ისინი გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ. თამარ ყულჯანაშვილის განმარტებით, ბრალდება ემყარება სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტური და ნეიტრალურია.

“რაც შეეხება მტკიცებულებებს და მათ შორის, დაზარალებულების ჩვენებას, საქმე იმაშია, რომ ბრალდების მხარეს წარმოდგენილი და გამოკვლეული აქვს იმდენად მყარი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ დაცვის მხარის ყოველგვარი მცდელობა არის ფუჭი", - აცხადებს, თამარ ყულჯანიშვილი და იქვე აღნიშნავს, რომ “დაცვის მხარის ნებისმიერი მცდელობა აღმოჩნდება ფუჭი, ხელი შეუშალოს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და პასუხისმგებლობიდან ბრალდებულების არიდებას”.

“ბრალდების მხარეს საქმეში იმდენად მყარი მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი, რომ თუნდაც დაზარალებულების მეშვეობით სასამართლო გარკვეულ შეცდომაში შეიყვანონ და ბრალდებულები პასუხისმგებლობას აარიდონ, ეს მცდელობა გამართლებული ვერ იქნება. საქმეში წარმოდგენილია ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური მტკიცებულება და ეს არის ვიდეოჩანაწერები. მასში ნათლად ასახულია ბრალდებულთა აღნაგობა, ჩაცმულობა, იარაღებიც, პისტოლეტები, რომ გასროლა ნამდვილად ხორციელდება ორი სხვადასხვა იარაღით და გასროლას ორი სხვადასხვა პირი ახორციელებს. შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილზე ორი სხვადასხვა იარაღიდან იყო გასროლა”, - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს იარაღები გამოძიებას ამოღებული აქვს თუ არა, დეტალებზე დასკვნით სიტყვაში იტყვის.

მისი თქმით, მაშინ, როდესაც დაზარალებულები - სერგი ქურთიაშვილი და გიორგი კაჭკაჭაშვილი აცხადებენ, რომ ძმები კაკულიები არ არიან თავდამსხმელები, საქმეში წარმოდგენილი ჰაბიტოსკოპიური დასკვნით დგინდება, რომ პირები, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან გადაადგილდებიან, ნამდვილად ძმები დავით და გურამ კაკულიები არიან.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავდა აბსოლუტურად ნეიტრალური მოწმე, ფაქტის შემსწრე, რომელმაც ცალსახად დაადასტურა, რომ მან ერთ-ერთი პიროვნების აღწერილობა დაინახა, ამოიცნო და ეს არის გურამ კაკულია.

კითხვაზე, დაცვის მხარემ განახორციელა თუ არა მოწმეებზე ზეწოლა, რათა სასურველი ჩვენება მიეღო, პროკურორი პასუხობს, რომ ამ ეტაპზე, დამატებითი შეფასებებისგან თავს შეიკავებს.

“ამ ეტაპზე თავს შევიკავებ შეფასებებისგან, რადგანაც ფაქტია, რომ დაზარალებულებმა [გიორგი კაჭკაჭაშვილმა და სერგი ქურთიაშვილმა] სახელმწიფო საზღვარი დაკითხვამდე გარკვეული პერიოდით ადრე დატოვეს. მათთან დაკავშირება ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად ბრალდების მხარემ ვერ შეძლო. თუმცა, მათთან დაკავშირება შეძლო დაცვის მხარემ.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ დაზარალებულები ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე, გამოძიებასთან თანამშრომლობით, მაინც და მაინც, არ გამოირჩეოდნენ. დღევანდელ პროცესზე ეს დადასტურდა”, - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით