ძმებ კაკულიების ადვოკატი - დარწმუნებული ვართ, სასამართლო დაეყრდნობა ობიექტური, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებას და მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას

ადვოკატი გიორგი ანთაძე იმედოვნებს, რომ სასამართლო ძმებ დავით და გურამ კაკულიების მიმართ ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს, რომლებსაც სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაიჭრა ქურთიაშვილის მეგობარი, გიორგი კაჭკაჭაშვილი.

ადვოკატმა ჟურნალისტებთან შეაფასა დაზარალებულების, სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, ძმები კაკულიები არ არიან ის პირები, რომლებიც მათ გასული წლის მაისში თავს დაესხნენ. ადვოკატის თქმით, დაზარალებულთა ეს ჩვენებები პროკურატურის ვერსიას თავდაყირა აყენებს.

„დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო დაეყრდნობა ობიექტური, ნეიტრალური მოწმეების ჩვენებას და მიიღებს ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ამ მოწმეების ჩვენებები და საქმეში მტკიცებულებათა გამოკვლევის დროს წარმოშობილი საკითხი აბსოლუტურად თავდაყირა დააყენებს ბრალდების მხარის ვერსიას. აქედან გამომდინარე, გვაქვს მოლოდინი, რომ ობიექტური გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ამასთან, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი იარაღი, რომელიც სამართალდამცველებმა ძმები კაკულიების დაკავების დროს ამოიღეს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას სახელზეა რეგისტრირებული. იარაღი კი, ჟვანიას მეუღლის მტკიცებით, მათი სახლიდან წლების წინ დაიკარგა. ადვოკატმა უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, ამ ნაწილში დაიკითხა თუ არა ჟვანიას შვილი, ბესარიონ ჟვანია.

„ბუსა ჟვანიას და დანარჩენი მოწმეების გამოკითხვა გამოძიების ინტერესში უნდა შესულიყო და თავად გამოძიებამ არ გამოჰკითხა. რაც შეეხება აღნიშნულ იარაღს, მას შემხებლობა არ აქვს სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენი პოზიცია გავაჟღერეთ, რომ ეს იარაღი ჩადებული იყო კონკრეტული პირების მიერ", - განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

მირიან მირიანაშვილი - ახლა ჩვენს თვალწინ იხსნება კვანძი - საუბარი ევროპასთან ინტეგრაციაზეც არ არის, ეს პროცესის თანმდევი ნაწილია, საუბარია იმაზე, საქართველო იურიდიულად გაფორმდება თუ არა რუსეთის სატელიტად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
ხათუნა ბურკაძე - გულანთებული მოქალაქეები საქართველოს ევროპული მომავლისათვის იბრძვიან, ხელისუფლებამ ხალხის ხმა უნდა გაიგოს
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით