პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა წარუდგინა - მომდევნო პროცესი 30 იანვარს ჩაინიშნა

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა.

როგორც პენიტენციური სამსახურის იურისტმა, ნიკა აბრამიშვილმა განაცხადა, აღნიშნული დასკვნა ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილ დიაგნოზებს ეხება, რაც საქმის მასალებს მტკიცებულების სახით უნდა დართვოდა.

აღნიშნულ შუამდგომლობაზე პოზიციას დაცვის მხარე მომდევნო სხდომაზე დააფიქსირებს.

„ცენტრ „ემპათიის“ მიერ წარმოდგენილმა დასკვნებმა მთელი რიგი კითხვები გააჩინა, რომელიც პენიტენციურ სამსახურს აქვს. ჩვენ სასამართლოშიც ვშუამდგომლობდით, რომ ექსპერტიზა დანიშნულიყო. ამ დასკვნაში მითითებული საკითხები სპეციალურ ცოდნას საჭიროებს, რომელიც გააჩნია შესაბამის დარგის ექსპერტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წლის 8 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. კერძოდ, დასკვნაში წარმოდგენილი დიაგნოზები შესაბამისი იყო თუ არა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასთან, რომელიც განსაზღვრავს მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის წარდგენილ საფუძვლებს. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ მიიღო აღნიშნული დასკვნა, შესაბამისად, მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას, მანამდე სასამართლოსთვის აღნიშნული დასკვნა მიგვეწოდებინა. სასამართლოს წარმოვუდგენთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, ასევე მხარეებს გადავცემთ“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ, სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პენიტენციურ სამსახურს შუამდგომლობის დაყენება და კონკრეტული მუხლიდან ნორმის მითითება სთხოვა, თუ რის საფუძველზე წარადგინეს აღნიშნული განცხადება. პენიტენციურმა სამსახურმა რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ, შუამდგომლობა წერილობით წარადგინა.

რაც შეეხება თავად ექსპერტიზის დასკვნას, როგორც ხაჭაპურიძემ განმარტა, „აღნიშნულის გაცნობას დრო უნდა, რის გამოც, პოზიციას შემდეგ სასამართლო პროცესზე წარადგენს“.

სასამართლოში ჩვენების მიცემა მოუწევთ წარდგენილი დასკვნის ავტორებს, ნოდარ კაკაბაძეს, ნანა კეკელიძესა და აკაკი ტყემალაძეს.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე სასამართლო პროცესი 30 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო