განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ძმების დავით და გურამ კაკულიების სასამართლო პროცესზე პროკურორი დასკვნითი სიტყვით წარსდგა

ჩვენ არ ვიყავით ქალბატონო [ სერგი ქურთიაშვილზე თავდამსხმელები]… ასევე, მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას,- ამის შესახებ სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ძმამ, გურამ კაკულიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რითაც პროკურორ თამარ ყულჯანიშვილს მიმართა.

პროკურორის შემდგომ ბრალდებულმა, მედიასაც მოუწოდა, რომ მათი ბრალდების საქმე “ობიექტურად გააშუქონ”. აღნიშნული მიმართვა ბრალდებულმა გურამ კაკულიამ მაშინ გააკეთა, როდესაც პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა, ბოლოს კი, ბრალდებულებს მიმართა.

„ცხრა თვეა ისინი აქ იმყოფებიან, ცხრა წუთით მაინც დაფიქრდნენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებაზე. ნამდვილად არ არის სახარბიელო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ცხოვრების წესი აირჩიონ და კარგი საქმით დაამახსოვრონ თავი საზოგადოებას, ამ საქმით ამახსოვრებენ ისინი თავს საზოგადოებას”, - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.

რაც შეეხება პროკურორის დასკვნით სიტყვას, როგორც თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა, სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობის საქმე არის საქმე, რითაც შესაძლოა, მძიმე დანაშაული გაიხსნას და ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ბრალდება დაუდასტურდეთ.

მისი თქმით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს იმას, რომ სწორედ ძმები კაკულიები არიან ის პირები, რომლებმაც 2022 წლის 27 მაისს, სერგი ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობა სცადეს, რა დროსაც იარაღიდან გასროლით ქურთიაშვილთან ერთად მისი მეგობარი გიორგი კაჭკაჭაშვილი დაიჭრა.

ამასთან, პროკურორი სხდომაზე გამოეხმაურა დაზარალებულების, სერგი ქურთიაშვილისა და გიორგი კაჭკაჭაშვილის მიერ პროცესზე მიცემულ ჩვენებას, რომლებიც ირწმუნებიან, რომ დავით და გურამ კაკულიები არ არიან ის პირები, ვინც მათი მიმართულებით გაისროლეს.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის განმარტებით, დაზარალებულების ამ ჩვენებებისა და უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ბრალდება მათი ინტერესების დაცვას მაინც გააგრძელებს, ხოლო ჩვენებას სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

პროკურორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს დაზარალებულთა ჩვენებები, რითაც ისინი ცდილობენ პასუხისმგებლობა აარიდონ ძმებ კაკულიებს.

რაც შეეხება უშუალოდ საქმეში არსებულ მტკიცებულების დეტალებს, როგორ პროკურორმა სხდომაზე განაცხადა, ვიდრე ძმები კაკულიები სერგი ქურთიაშვილზე შეიარაღებულ თავდასხმას მოახდენენ, მათ გარკვეული პერიოდით ადრე უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც შსს-ს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება. 2022 წლის 27 მაისს კი, როდესაც ქურთიშვილის მკვლელობის მცდელობა განიზრახეს და ვაკეში, ფალიაშვილის და არაყიშვილის ქუჩების ქუჩების კვეთაზე, იარაღის გასროლით მას არაერთი ჭრილობა მიაყენეს.

პროკურორის თქმით, შემთხვევის დროს იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაიჭრა გიორგი კაჭკაჭაშვილი, რომელიც ქურთიაშვილს თან ახლდა.

ასევე, ბრალდების მხარის განცხადებით, მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სერგი ქურთიაშვილზე თავდასხმამდე ისინი თბილისის ერთ-ერთ უბანში მდებარე ბინაში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. თავდასხმის შემდგომ კი, ძმებს ბინის მეპატრონისთვის სახლის გასაღები არ დაუბრუნებიათ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არ გამჟღავნებულიყო მათი გადაადგილების ფაქტი. ამასთან, პროკურორის განმარტებით, გამოძიების შედეგად ბინიდან ამოღებული მტკიცებულებებიდან, მათ შორის სიგარეტის ნამწვიდან ამოღებულია ძმების ბიოლოგიური მასალა. ასევე, ბინის დათვალიერებისას ნანახია “გუდვილში” შეძენილი პროდუქტის სტიკერები. პროდუქტები კი, ძმების ნათესავმა გიორგი რუხაძემ იყიდა, რომლის შესახებაც საქმეს ერთვის ვიდეომტკიცებულება, თუ როგორ გადაადგილდება ის “გუდვილთან”.

პროკურორის განმარტებით, გიორგი რუხაძე გამოძიებამ 1-ელ ივლისს გამოჰკითხა, რომელმაც ვერ გაიხსენა იყიდა თუ არა პროდუქტები, საერთოდ იმყოფებოდა თუ არა ნაქირავებ ბინაში, ან ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბრალდებულებთან.

პროკურორის თქმით, რუხაძის პასუხები იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ გამომძიებელმა მას კითხვა დაუსვა, ჯანმრთელობის რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა, რაზეც მან უპასუხა, რომ - არა, აბსოლუტურად ჯანმრთელია.

პროკურორ თამარ ყულჯანიშვილის თქმით, ვიდეოჩანაწერების გარდა მოწმეებიც ადასტურებენ იმას, რომ თავდასხმის დღეს ორივე ძმას ხელში იარაღი ეჭირა და გარკვეული მიმართულებით ისროდნენ, ორივე მათგანს ეხურა ჩაფხუტი, ხოლო ერთს ეცვა შავი ფერის ზედა, მეორეს კი, ნარინჯისფერი.

„ჩანაწერებით ირკვევა, რომ სერგი ქურთიშვილის მიმართ გაისროლა გურამ კაკულიამ, ამის მერე გაისროლა დავით კაკულიამ ასევე ქურთიაშვილის მიმართ. ამ დროს ქურთიაშვილი წაიქცა და ჩანთა დაუვარდა, რომელიც ხელში ეჭირა. ამის შემდეგომ ის ეცადა, თავის შველის მიზნით, მანქანისკენ წასულიყო, რა დროსაც ორივე პირმა კვლავ სროლა განახორციელა. ამ მომენტში კი, ქურთიაშვილი მოექცა “მერსედესის” მარკის ავტომობილსა და სატვირთოს შუაში. რაც შეეხება კაჭკაჭაშვილს, ის “მერსედესიდან” მას შემდგომ გადმოვიდა, რაც ქურთიაშვილი უკვე „მერსედესსა“ და სატვირთოს შორის მოექცა”, - განაცხადა თამარ ყულჯანაშვილმა.

ბრალდების მხარის განმარტებით, თავდასხმის შემდგომ ძმებმა ტანსაცმელი გამოიცვალეს, ხოლო ჩაფხუტები და ხელთათმანები გადაყარეს, თუმცა ეს ნივთები გამოძიებამ ამოიღო.

ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც გიორგი კაჭკაჭაშვილიც დაშავდა. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 11.07.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  ყველაფერი ასე გაგრძელდა, თან ამას დაემატა დასავლეთის მიერ არჩევნების შედეგების არ აღიარება, დასავლეთის საქართველოსთან პარტნიორობა დასრულდება და დასრულდება ყველა მიმართულებით
ფლორენს ბაუერი - დემოგრაფიულ ცვლილებასთან გამკლავების საუკეთესო გზა არის ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ადამიანებს საკუთარი მომავლისა და ოჯახის მიმართ მტკიცე რწმენას გაუჩენს
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია