გიორგი ხელაშვილი - რუსეთს შეუძლია მოხსნას ფრენების აკრძალვის სანქცია, ამას არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ გვეპარება ეჭვი, რომ ფრენები საერთაშორისო სანქციების დაურღვევლად აღადგინოს

რუსეთს შეუძლია მოხსნას ფრენების აკრძალვის სანქცია, ჩვენ ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ, ამას არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ძალიან გვეპარება ეჭვი, რომ მოხდეს რუსეთ-საქართველოს ფრენების აღდგენა საერთაშორისო სანქციების დაურღვევლად, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

ხელაშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ეს მოსალოდნელი და გასაგები განცხადება იყო.

მისივე განმარტებით, საქართველო ამ განცხადებას გაითვალისწინებს და რუსეთისთვის დაწესებული „სანქციების რეჟიმს არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს“.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაიმეორა ის, რაც აშშ-ის ელჩმა თქვა რამდენიმე დღის წინ, რომ აშშ არ მიესალმება რუსეთის განცხადებას საქართველოსთან ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ. აღნიშნულ განცხადებაში იგულისხმება, რომ სანქციების ქვეშ მოჰყვებიან ის კომპანიები, რომლებიც ითანამშრომლებენ სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან - ეს არ შეეხება მარტო ფრენებს, არამედ ეხება ნებისმიერ სფეროს, რომელშიც დასანქცირებულია რუსეთი. დიდი ხანია, რაც ეს ვიცით და ასევე ისიც ვიცით, რომ საქართველოს, ჯერჯერობით, ვერავინ წამოუყენა დასაბუთებული ბრალდება სანქციების გვერდის ავლის თაობაზე. ამ განცხადებაში არაფერია სიახლე, ჩვენ ეს პოზიცია უკვე ვიცოდით. საქართველო ამ განცხადებასაც გაითვალისწინებს და სანქციების რეჟიმსაც არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევს.

დაახლოებით 4 წლის წინ ფრენების აკრძალვა რუსეთის მხრიდან იყო სანქცია ჩვენ მიმართ. მთელ მსოფლიოში სანამ უკრაინის ომი დაიწყებოდა, საქართველო იყო რუსეთის მიერ ყველაზე სანქცირებული ქვეყანა. ჩვენზე უფრო მეტი სანქცია რუსეთს არცერთ ქვეყანაზე არ ჰქონდა წაყენებული. თუ რუსეთს სურს სანქციის მოხსნა, ამაში მას ხელს ვერავინ შეუშლის. თუ რუსეთი რამენაირად მოახერხებს იმას, რომ სანქციების დაურღვევლად განახორციელებს ფრენებს საქართველოში, ამას ვნახავთ - მე ამაში ძალიან მეპარება ეჭვი. ჩვენი პოზიციაა, რომ რუსეთს შეუძლია ეს სანქცია მოხსნას, ჩვენ ამაში ვერაფერს ვხედავთ ცუდს, ამას არ შევეწინააღმდეგებით, მაგრამ ეჭვი გვეპარება, რომ მოხდეს ამ ფრენების აღდგენა სანქციების დაურღვევლად.

საქართველოს მოქალაქეების საკმაოდ მოზრდილი ნაწილი დაკავშირებულია რუსეთთან ისევ და ისევ ისტორიული პრობლემების გამო. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენთან ეკონომიკური დაღმასვლა, სამოქალაქო ომები, რუსეთის მხრიდან აგრესია და ამან გამოიწვია ბევრი ქართველის გადასვლა რუსეთში, რომელთაც უჭირთ სამშობლოსთან კომუნიკაცია ფრენების არარსებობის გამო. ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიდან, თუმცა არავინ აპირებს სანქციების რეჟიმის დარღვევას“, - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

მარინა ჩიტაშვილი - ხელისუფლების მიერ საქართველოში  რუსეთის მოწვევა და რუსეთის დახმარებით ძალაუფლების შენარჩუნების სცენარი, ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია
ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს