ირაკლი ღარიბაშვილი - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის საქართველოს შესაძლებლობას გაზრდის

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის საქართველოს შესაძლებლობას გაზრდის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა განაცხადა, აღნიშნული პროექტით სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა ისარგებლებს.

„საქართველოს, როგორც ვაჭრობისა და ლოჯისტიკის რეგიონული ცენტრის პოზიციის მხარდასაჭერად, მთავრობა დიდ ინვესტიციას ახორციელებს, როგორც რბილი, ასევე მყარი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. რეგიონული ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში და ინფრასტრუქტურაში, როგორიც არის შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის განვითარება, ევროაზიის ნავთობის ტრანსპორტირების დერეფანი, შავი ზღვის თხევადი აირის პროექტი, რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის მშენებლობა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება ჩვენი რეგიონის და საქართველოს გამტარუნარიანობას გაზრდის. ეს პროექტები განსაკუთრებით აქტუალურია ევროპა-აზიის სავაჭრო დერეფნის დივერსიფიკაციის და გაფართოების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით და იმის გაცნობიერებით, რომ ე.წ. შუა დერეფანი განიხილება არსებული მარშრუტების სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ალტერნატივად. ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის გადამცემი კაბელის მშენებლობის პროექტი, რომელიც მწვანე, განახლებადი, ენერგიის სატრანზიტო შესაძლებლობებს შექმნის საქართველოს და შავი ზღვის გავლით.

ასევე, მინდა ხაზი გავუსვა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც გაზრდის საქართველოს შესაძლებლობას დიდი რაოდენობით მშრალი და თხევადი ტვირთების გადაზიდვისთვის. ჩვენ ვიხილავთ უკვე ევროპულ პარტნიორებთან ფლაგმანურ პროექტებს, რომელიც დამატებით ენერგეტიკულ სტიმულს მისცემს და კატალიზატორად იმოქმედებს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის. მიგვაჩნია, რომ სამხრეთ კავკასიის ყველა ქვეყანა აღმოსავლეთ-დასავლეთით ისარგებლებს ამ პროექტებით. თუმცა, ეკონომიკის გაძლიერება, დერეგიონალური ჰაბის განვითარება შეუძლებელი იქნება სათანადო დაგეგმვის და დემოკრატიული ღირებულებებისადმი მტკიცებულების გარეშე. სწორედ ამიტომ, შარშან დავამტკიცეთ მთავრობის ხედვა 2030. ეს არის საქართველოს განვითარების სტრატეგია, რომელიც ყოვლისმომცველი ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტია და თან ასახავს 2030 წლისთვის ქვეყნის განვითარების ძირითად მიზნებს და პრიორიტეტებს, გაეროს 2030 წლისთვის განსაზღვრული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის სულისკვეთებას და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პრინციპებს. სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა მიზნად ისახავს საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, დემოკრატიის და სამართლის უზენაესობის ხელშეწყობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ყველა წინსვლის გათვალისწინებით, რასაც საქართველომ მიაღწია, ქვეყანა ისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოს-წევრი გახდეს.

„გადამწყვეტი ქმედებების განხორციელებისას საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მუშაობის გამჭვირვალობას და ღიაობას, ადგენს მაღალ სტანდარტებს ღია მმართველობისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და უსაფრთხოების მიმართულებით. ეს ძალისხმევა აისახა მრავალ საერთაშორისო რეიტინგში, მათ შორის, საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში 2022 წელს, რომელიც საქართველოს 41-ე ადგილზე ამყოფებს მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის. ასევე, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატო-ს მრავალ წევრ ქვეყანას მსოფლიო ბანკის 2021 წლის მმართველობის ინდიკატორებით. რეგულირების ხარისხით საქართველო 35-ე ადგილზეა და გლობალური მსოფლიო სამართლის პროექტის 2022 წლის სამართლის უზენაესობის ინდექსით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კრიმინალის 2023 წლის ინდექსით, მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის 18-ე, ხოლო ევროპაში, მე-8 ადგილზე იმყოფება. ყველა ამ წინსვლის გათვალისწინებით, რასაც მივაღწიეთ, საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროკავშირისა და ნატოს-წევრი, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება