დავით უსუფაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - მე ვერ ვხედავ, რომ ეს "ხალხის ძალის" ინიცირებულია, ეს „ბიძინას ძალის“ ინიცირებულია - ხალხს არ ეშლება მტერი და მოყვარე, როგორც ეს ეშლება ბიძინას და მის ნამდვილ გამხმოვანებლებს

ხალხს არ ეშლება მტერი და მოყვარე, როგორც ეს ეშლება ბიძინას და მის ნამდვილ გამხმოვანებლებს, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც "უცხოური გავლენის" თაობაზე „ხალხის ძალის" კანონპროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ხალხის ძალა" ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ახმოვანებს და პროექტის მოდელი, რომელსაც აინიცირებს, მოსკოვში არსებული კანონია, რომელიც მედიას, არასამთავრობო სექტორს, ექსპერტებს ზღუდავს და სანქციებს უწესებს.

„მე ვერ ვხედავ, რომ ეს „ხალხის ძალის“ ინიცირებულია, ეს არის „ბიძინას ძალის“ ინიცირებული, ხალხს სხვა რამე უნდა, ხალხს არ ეშლება მტერი და მოყვარე, როგორც ეს ეშლება ბიძინას და მის ნამდვილ გამხმოვანებლებს. დიდ პოლიტიკას რომ თავი დავანებით, მარტივ რამეს შევხედოთ, არიან ადამიანები, ვისაც სახლში ვეპატიჟებით და არიან ალბათ, ადამიანები, ვისაც სახლში ცოცხალი თავით არ შემოვუშვებთ და "ბიძინას ძალა" აქამდეა მისული, ის მტრად თვლის იმას, ვისაც ქართველი ხალხი თვლის მოყვარედ. ასეთ კანონმდებლობას ვნახავთ მოსკოვში, იქ აცხადებენ უცხო ქვეყნის აგენტებად და შესაბამისი სანქციები და შეზღუდვები აქვთ ექსპერტებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, ჟურნალისტებსაც, „ბიძინას ძალა" საიდან იღებს ასეთ მოდელებს? - მოსკოვიდან, იმის ნაცვლად, რომ გადაიღოს ბერლინის, ლონდონის, ვაშინგტონის მიდგომები.

ახლა, კომიტეტზე მნიშვნელოვან კანონპროექტებს ვიხილავთ და მინისტრის მოადგილემ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ეს ევროკავშირის დირექტივებს შეესაბამება და ა.შ. ერთ დარბაზში ტრიბუნიდან ვსაუბრობთ, რომ ევროკავშირის რეზოლუციების შესაბამისი კანონმდებლობა უნდა მივიღოთ და მეორე მხრიდან და მეორე დარბაზში, მეორე ოთახში გველაპარაკებიან, რომ ევროკავშირი და ამერიკა მტერია, ჩვენი მოსპობა უნდა და ა.შ. ეს არის ის, რის სახელსაც ახლა არ ვიტყვი“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

„ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა დაასრულეს და პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტის დაინიცირებას გეგმავენ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
კახა ოქრიაშვილი - „რუსულმა ოცნებამ“ თავად გაშიფრა საკუთარი აგენტურა საქართველოში
წინანდლის მუზეუმში ჯიბსონ ხუნდაძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა
შეიძინე ახალი ნომერი და მიიღე საჩუქრები ახალი სასწავლო წლისთვის