საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი ოქროს შემცველი პოლიმეტალური მადნების გადამუშავების ტექნოლოგიის შესასწავლად კვლევას ატარებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, სამთო ტექნოლოგიების მიმართულების დოქტორანტი ბექა ბერიძე, პროფესორ დემურ ტალახაძის ხელმძღვანელობით, ოქროს შემცველი პოლიმეტალური მადნების გადამუშავების ტექნოლოგიის შესასწავლად კვლევას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თემა მოიცავს ბოლნისის რაიონში ბექთაქარის საბადოზე მოპოვებული ოქროს შემცველი პოლიმეტალური მადნების (ტყვია, თუთია, ოქრო), ფლოტაციური მეთოდით გამდიდრებისას, კოლექტიური ფლოტაციის შემდგომ ტყვიის ციკლში ნატრიუმის ციანიდის ნაცვლად საცდელი რეაგენტის გამოყენებას, რაც ხელს შეუწყობს პროცესიდან ციანიდის ამოღებას.

„ჩვენ ჩავატარეთ ძალიან შრომატევადი კვლევა. ბექთაქარის საბადოდან აღებულ სინჯზე შეკვეცის შემდგომ მოვახდინეთ მადნის მინერალოგიური დახასიათება. თითოეულ სინჯზე შევისწავლეთ ოქროს და ვერცხლის განაწილება, რომელიც მოითხოვდა მძიმე სითხეებში განშრევებას. განშრევების პროდუქტებიდან ამოვკრიფეთ გარკვეული რაოდენობის ოქროს და ვერცხლის მარცვლები და დავადგინეთ ამ მარცვლების სისხო. ფრაქციული ანალიზის შედეგად მიღებულ მძიმე და მსუბუქ ფრაქციაში თავისუფალი ოქროს განსაზღვრის მიზნით ოქრო გამოიტუტა ნატრიუმის ციანიდით. მინერალოგიურმა და ქიმიურმა ანალიზმა საშუალება მოგვცა დაგვედგინა ორივე სინჯარისთვის მინერალოგიური შემადგენლობა და ელემენტების ქიმიური შემცველობები. ამის შემდგომ 50 მიკრომეტრამდე დაფქვილ მასალაში განვსაზღვრეთ თავისუფალი მინერალური მარცვლების რაოდენობა. შევისწავლეთ სპილენძის, პირიტის, სფალერიტის, გალენიტის და სხვა მინერალების ფაზური ანალიზი. ჩემი აზრით მსგავსი სირთულეების კვლევების ჩატარება არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობ, რომ ყველას შეუძლია გადადგას სიახლეებისკენ ნაბიჯი და შეცვალოს ის, რაც აქამდე არავის შეუცვლია. ვგულისხმობ, კარგად ცნობილ კლასიკური მოდელის შეცვლას ისეთი მეთოდით, რაც მეტად რენტაბელური და გარემოსთვის ნაკლებად საზიანო იქნება“, - აცხადებს დოქტორანტი ბექა ბერიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის დემურ ტალახაძის თქმით, ბექა ბერიძის კვლევა ორიგინალურია და აქამდე ამ საკითხზე არავის უმუშავია.

„თემა მეტად აქტუალურია ჩვენს რეგიონში და ასევე რენტაბელურობის თვალსაზრისით. პროცესიდან ციანიდის ამოღება და მის ნაცვლად იმ რეაგენტების გამოყენება, რომელიც ბექა ბერიძეს უკვე შერჩეული აქვს შეამცირებს ოქროს კარგვას კუდებში, ციანიდი შლის ოქროს და ხსნარში გადაჰყავს, რაც ეკონომიკურად წამგებიანია. მეორე მხრივ, ციანიდისაგან მიყენებული ზარალი გარემოზე იმდენად დიდია, რომ იგი აზიანებს არამარტო ადამიანის ჯანმრთელობას, არამედ, ადგილზე არსებულ ეკოსისტემას. ვფიქრობ, ბექას სწორი მიმართულებით მიჰყავს კვლევა და შრომა შედეგს გამოიღებს“, - განაცხადა პროფესორმა დემურ ტალახაძემ.

დოქტორანტის თქმით, ის კვლევის წარმატებით დასრულების შემდეგ მეთოდს შესთავაზებს თემით დაინტერესებულ კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში კი ამ მეთოდით მოხდება კლასიკური მეთოდის ჩანაცვლება.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა