„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური წერილი შეიტანეს

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის შეწყვეტის მოთხოვნით, ოფიციალური წერილი მიიტანეს.

როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, მოძრაობის წარმომადგენლები გამორიცხავენ, რომ ევროკომისია 12 პუნქტს შესრულებულად ჩათვლის, თუ ნიკა გვარამია ციხეში იქნება, რადგან მე-7 პუნქტი მედიის თავისუფლებას ეხება.

„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობამ“ გადაწყვეტილება მიიღო, პრეზიდენტისათვის შეხვედრის თხოვნით მიემართა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ეროვნული არჩევანისთვის საჭიროა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული პოლიტიკური პატიმარი არ იყოს. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ შეხვედრაზე უარს არ გვეტყვის. გვაქვს არგუმენტები, რამდენად აზარალებს ნიკა გვარამიას პატიმრობა ქვეყნის საერთაშორისო პერსპექტივას. გამოვრიცხავთ იმას, რომ ევროკომისია 12 პუნქტს შესრულებულად ჩათვლის, თუ ნიკა გვარამია ციხეში იქნება, რადგან მე-7 პუნქტი მედიის თავისუფლებას ეხება. დაველოდებით პრეზიდენტის პოზიციას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ასევე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიტანილ ოფიციალურ წერილშია აღნიშნული, ნიკა გვარამია შეთხზული, ფიქტიური ბრალდებით, ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ჟამს დააპატიმრეს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ა.წ. 16 თებერვალს დაფუძნდა „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა“. მოძრაობის წევრები მიზნად ვისახავთ, ვიბრძოლოთ პოლიტპატიმრის, მედიამენეჯერ ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის შეწყვეტისათვის. თქვენთვის კარგად უნდა იყოს ცნობილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სისხლის სამართლის საქმის გარემოებები და ის საერთაშორისო რეზონანსი, რაც მან გამოიწვია. ნიკა გვარამია დააპატიმრეს შეთხზული, ფიქტიური ბრალდებით ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ჟამს, როდესაც წყდებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი. ეს ევროკავშირის აშკარა გამოწვევა იყო და, მნიშვნელოვანწილად მოახდინა გავლენა მის გადაწყვეტილებაზე. დღეს, როდესაც საქართველოს ევროპული მომავალი დამოკიდებულია ევროკომისიის 12 მოთხოვნის შესრულებაზე, საქართველოს ციხეში იმყოფება პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული მედიამენეჯერი. ევროკავშირის მოთხოვნების მე-7 პუნქტში ნათქვამია, რომ საჭიროა „მეტი ძალისხმევა, რათა გარანტირებულ იქნას თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემო. ამის უზრუნველსაყოფად, მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს.“ წარმოუდგენელია, ევროკავშირის მოთხოვნების მე-7 პუნქტი შესრულებულად ჩაითვალოს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობის პირობებში, რაც საფრთხის წინაშე აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. საზოგადოებისთვის ცნობილია თქვენი პოზიცია, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის მოთხოვნები, რათა აღსრულდეს ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობის ოცნება – საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ამის გათვალისწინებით, გთხოვთ, უახლოეს დღეებში შეგვხვდეთ მოძრაობის წარმომადგენლებს, რათა პირადად გაგაცნოთ ჩვენი არგუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას განაჩენი არის პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო და დიდ საერთაშორისო ზიანს აყენებს ქვეყანას”, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს