ირაკლი კობახიძე - გზაში ვკითხულობდი კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და სრული კატასტროფაა, ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით - რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ამერიკული კანონის მსგავსი ყოფილა

ამერიკული და რუსული კანონები კატასტროფაა, რომლებიც ადამიანის უფლებების სტანდარტებთან მთლიანად შეუსაბამოა - „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ადამიანის უფლებებთან მთლიანად შესაბამისობაშია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "უცხოური გავლენის" თაობაზე კანონის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რუსული კანონი ამერიკული კანონის ანალოგია.

როგორც კობახიძე აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტი ასეთი კანონის მიღებას „ვერ იკადრებდა“ და ამიტომ შემუშავებულია ქართული კანონპროექტი.

„გზაში ვკითხულობდი კიდევ ერთხელ ამერიკულ კანონს და არის სრული კატასტროფა. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებათა სპეციალისტმა, რომ არის სრული კატასტროფა. ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს - რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ამერიკული კანონის მსგავსი ყოფილა. ანუ, პირდაპირ შეგიძლია მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი. რეალურად რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც არის ინიცირებული „ხალხის ძალის“ მიერ, ის არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონისგან და ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი კანონი, ლაკონური. ერთადერთი, რასაც ის ითვალისწინებს, არის ის, რომ სუბიექტები, რომლებიც 20%-ზე მეტ უცხოურ დაფინანსებას იღებენ, წლიურ დეკლარაციებს წარადგენენ. რადიკალურად განსხვავდება როგორც ამერიკული ისე, რუსული კანონებისგან, რომელიც არის მთლიანად შეუსაბამო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. არის კატასტროფული კანონები პირდაპირ შემიძლია გითხრათ ერთიც და მეორეც. შესაბამისად, შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკულია არც რუსული. ეს არის ქართული, რომელიც პრინციპების დონეზე ამერიკულ კანონს ეფუძნება, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება სწორედ იმით, რომ ეს კანონპროექტი არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ეს არის რეალობა. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია,“ - განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ, აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა