ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „საქმიან ეზოში“ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
როგორც კახა ცერცვაძემ განაცხადა, ქვეყნის მასშტაბით, 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს.
„სოციალური ჭრები, რაც მოსახლეობის მიერ საშეშე მერქნის საკუთარი ძალით დამზადებას გულისხმობს, ეტაპობრივად უქმდება. ეროვნული სატყეო სააგენტო ახალი სერვისების დანერგვაზე აქტიურად მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. მოსახლეობას საშუალება ეძლევა, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს ტრანსპორტირების მომსახურებითაც“, - აღნიშნა კახა ცერცვაძემ.
„სატყეო რეფორმის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტო „საქმიან ეზოებში“ ხე-ტყეს ორგანიზებულად ამზადებს, ახარისხებს და ასაწყობებს. ეროვნულ სატყეო სააგენტოს, 2023 წლის ბოლომდე, დამატებით, 17 „საქმიანი ეზოს“ მოწყობა აქვს დაგეგმილი“, - ნათქვამია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"