იუსტიციის მინისტრი - ელჩებს გავაცანით ინფორმაცია, რას აკეთებს სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვის, ჯანმრთელობის და  მკურნალობის მიზნით - ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით, გვინდა საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირისა და შვედეთის ელჩებმა შეხვედრაზე სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანა მოითხოვეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

რატი ბრეგაძის თქმით, მათ ელჩებს გააცნეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით.

„გუშინდელ შეხვედრას რაც შეეხება, ეს იყო შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, ასევე, შვედეთის ელჩთან, რომლებმაც გააჟღერეს დემარში; კერძოდ, ეს იყო მომართვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით, რაც უკავშირდებოდა შეშფოთებას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ გავაცანით ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო სააკაშვილის უფლებების დაცვისა და მისი ჯანმრთელობის, მკურნალობის მიზნით. ეს იყო შეხვედრის ძირითადი პათოსი. იყო, რა თქმა უნდა, საუბარი სხვა საკითხებზეც, თუმცა, ამის შესახებ არ ვისაუბრებ შეგნებულად, რადგან ასეთია შეთანხმება ელჩებთან, რომ დეტალურ შინაარსობრივ საკითხებზე ჩვენ არ ვისაუბრებთ. ამის შესახებ გააკეთა განცხადება ევროკავშირის ელჩმა და მან ისიც აღნიშნა, რომ ჩვენ გვქონდა საკმაოდ ვრცელი და გულწრფელი საუბარი ყველა იმ საკითხზე, რაც შეეხება მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო არსებულ სიტუაციას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის განცხადებით, იმედი ჰქონდა, რომ ელჩებს არ დააბრალებდნენ, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ.

„მედიის მხრიდან იყო საუბარი იმის შესახებ, თითქოსდა ევროკავშირის წარმომადგენლებისგან იყო დაყენებული მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გადაყვანის შესახებ. შემდეგ თითქოსდა გაისმა ისეთი ლოზუნგი, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავიყვანოთ საზღვარგარეთ და მე ამის შესახებ საკმაოდ კორექტული ფორმით ვახსენე, რომ დროის მოკლე მონაკვეთში გავრცელებული 3 ინფორმაცია იყო სიმართლესთან შეუსაბამო, გამოვხატე პატივისცემა მედიის თავისუფლების მიმართ, თუმცა, აღვნიშნე ისიც, რომ, რა თქმა უნდა, საზოგადოება უნდა იყოს სწორად ინფორმირებული. მე შეგნებულად არ გამოვიყენე გუშინ სიტყვა „ტყუილი" და ვიმედოვნე, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაინც მოერიდებოდნენ, კერძოდ, იმას არ დააბრალებდნენ, რაზეც მათ საერთოდ არ უსაუბრიათ", - დასძინა ბრეგაძემ.

რატი ბრეგაძის თქმით, თავად ელჩებიც განმარტავენ, რომ ამ საკითხზე საუბარი არ ყოფილა და ადგილი ჰქონდა დეზინფორმაციას.

„მოგვიანებით, ასევე, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელდა ინფორმაცია უკვე თითქმის მტკიცებითი ფორმით, რომ თითქოსდა შეხვედრაზე ელჩებმა მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანა, რაც, ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს, და მე დღესაც გავაკეთე ამის შესახებ განცხადება, მათ შორის, ერთ-ერთ არხთან საუბარში და აღვნიშნე, რომ მანამდე აღარ გავაკეთებ მათთან კომენტარს, სანამ არ იტყვიან, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, მინიმუმ. ალბათ, ეს უნდა თქვან, როდესაც მეორე მხარეც ამბობს, რომ ამ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა და ეს იყო დეზინფორმაცია; ან თუ მათ ეს ინფორმაცია შემთხვევით გაავრცელეს, ამ შემთხვევაში არც ამაზე საუბარია პრობლემა. მთავარი სტანდარტი ჩემთვის ყოველთვის არის ის, რომ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო; საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული მაქსიმალურად როგორც კონკრეტულად მსჯავრდებულ სააკაშვილის გარშემო, ისე ნებისმიერი სხვა საკითხის გარშემო, რაც წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს. იუსტიციის სამინისტრო არის ერთ-ერთი ყველაზე ღია უწყება და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში საუბრისას.

ამასთან, სააკაშვილის საკითხზე საუბრისას ბრეგაძემ აღნიშნა, რომ უწყებას არაფერი აქვს დასამალი.

მინისტრმა უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან გაფართოებული შეხვედრის დაგეგმვის თაობაზე და აღნიშნა, რომ „მსგავსი ტიპის შეხვედრა ჯერჯერობით დაგეგმილი არ არის".

„ამ ადამიანის პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან ჩვენ რეგულარული კონტაქტი გვაქვს საზოგადოებასთან. გვაქვს შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან და ვაწვდით რეგულარულად ინფორმაციას. ამას ვამბობ სპეციალურად ხაზგასმით, იმისთვის, რომ ყველამ იცოდეს, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი და პირიქით – გვინდა, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოედინება ცილისწამების ძალიან დიდი ნიაღვარი, არა მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, არამედ მთელი სახელმწიფოს წინააღმდეგ", - განაცხადა რატი ბრეგაძემ “იმედთან“.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს