გიორგი ვაშაძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე - ყველა დეპუტატი, ვინც ამას  მხარს დაუჭერს, იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი და ამ ლაქას ვერასდროს ჩამოირეცხავს

ყველა დეპუტატი, ვინც ამ კანონს მხარს დაუჭერს, იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი საქართველოში და ამ ლაქას ვერასდროს ჩამოირეცხავს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" მიერ „შემოგდებული“ კანონი რუსული კანონია.

„არ არსებობს კოლექტიური პასუხისმგებლობა. არსებობს ინდივიდუალური მანდატი და ყველა, ვინც დღეს არის უმრავლესობაში და ამ კანონს ხმას მისცემს, ის რუსეთის ინტერესების გამტარებელი იქნება და მთელი ცხოვრების მანძილზე ვერ ჩამოირეცხავს ამ ლაქას, ვერასდროს!" - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ განხილვას დღეს იწყებს.

კანონპროექტები წარდგენილია „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების: - სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ.

პარლამენტში თავდაპირველად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. აღნიშნული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული.

რაც შეეხება რიგით მეორე - „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტს, აღნიშნული პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა