მიხეილ ბატიაშვილი - BTU AI მომავლის განათლების პროდუქტებს სასწავლო პროცესში ნერგავს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე თვეა, აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის წიგნების, სტატიებისა და კვლევების შექმნა. შექმნილი პროდუქტი კი სასწავლო პროცესში ინტენსიურად გამოიყენება, რაც პროცესს ბევრად უფრო ეფექტურს ხდის.

ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროცესში აქტიურ ინტეგრაციასა და გამოყენებაზე, ასევე შესაძლებლობებზე, რომელსაც AI ქმნის, BTU-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ბატიაშვილი გვესაუბრა.

როგორ დაიწყეთ BTU-ში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სასწავლო წიგნების, ტრენინგებისა და სხვა პროდუქტების შექმნა?

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ტექნოლოგიურმა კომპანიებმა, როგორიცაა Google“, „Microsoft“ და სხვები, დაიწყეს ხელოვნური ინტელექტით ისეთი პროდუქტების შექმნა, რომლებიც მომხმარებლებს რეალურ შესაძლებლობებს სთავაზობდა. აქამდე სულ იყო საუბარი, რომ მუშაობდნენ ხელოვნურ ინტელექტზე და რაღაც ღირებულის შექმნას ცდილობდნენ. ახლა კი უკვე დადგა დრო, როდესაც ეს პროდუქტები რეალურად იქმნება, მას სხვადასხვა სფეროში ვიყენებთ და ვნახულობთ, რა შედეგის მოტანა შეუძლია.

ეს პროცესში მსოფლიო მასშტაბით 2022 წლის დეკემბერში გააქტიურდა და ბევრ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყო. ჩვენი უნივერსიტეტი, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მოწინავე პოზიციას იკავებს, არ ჩამორჩა მსოფლიო ტენდენციას და დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის განათლების სფეროში მაქსიმალური ინტეგრაცია.

სულ 2 თვის მუშაობის შედეგია საგანმანათლებლო რესურსების ის ფართო სპექტრი, წიგნები, ტრენინგ მასალები, სტატიები რომლებიც ხელოვნური ინტელექტით შექმნა და და სასწავლო პროცესში მათი ინტენსიური ინტეგრაცია მოხდა.

გვესაუბრეთ იმ მასალებზე, რომლებიც ხელოვნური ინტელექტით BTU-ში უკვე შეიქმნა.

რამდენიმე კვირის წინ გვქონდა პრეზენტაცია წიგნისა, რომელიც სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ არის გენერირებული ინგლისურ ენაზე და შემდეგ მისი ქართულ ენაზე თარგმნა მოხდა. ეს გახლავთ პირველი ქართული წიგნი, რომელიც ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა. იგი უკვე ხელმისაწვდომია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით. წიგნი გახლავთ AI Marketing: The Future of Customer Engagement.

გარდა ამისა უკვე დაწყებულია მუშაობა ათობით წიგნზე, რომლებიც მალე გახდება ხელმისაწვდომი. ისინი სასწავლო პროცესში აქტიურად გამოიყენება, როგორც უახლესი ლიტერატურა, დაფუძნებული ბოლო მიღწევებსა და მასალებზე.

შექმნილი წიგნები სისტემატურად განახლდება და უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ბაზაში განთავსდება. მასზე ღია წვდომა ექნება როგორც BTU-ს აკადემიურ პერსონალს, ისე სტუდენტებს, უნივერსიტეტის სხვადასხვა პროექტის ბენეფიციარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. ეს ყველაფერი უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი განათლებისთვის, რადგან სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს უახლეს მასალებზე მარტივად ჰქონდეთ წვდომა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტატიების ციკლი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იქმნება და სხვადასხვა სფეროს მოიცავს. დღეს გადამწყვეტია, რომ როგორც სტუდენტი, ისე ნებისმიერი ადამიანი სხვადასხვა ინდუსტრიაზე უახლეს ინფორმაციას ფლობდეს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ხელოვნური ინტელექტის ჩართვა კვლევების მიმართულებით. BTU-ში უკვე გაჩნდა პირველი კვლევითი ნამუშევრები, რომელშიც მკვლევრებსა და მეცნიერებთან ერთად ხელოვნური ინტელექტია ჩართული.

ხელოვნური ინტელექტით უნივერსიტეტში იქმნება სილაბუსები და სატრენინგო მასალები. AI ასევე ჩართულია ადმინისტრაციულ პროცესებში.

ფაქტობრივად, დავფარეთ ყველა ასპექტი, რომელიც მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კვლევით ნაწილს. ეს გახლავთ მხოლოდ 2 თვის მუშაობის შედეგი და პროცესი მუდმივად გაგრძელდება.

რა უპირატესობები აქვს ხელოვნური ინტელექტით შექმნილ სასწავლო მასალებს?

უახლეს მასალებზე სწრაფი და გამარტივებული წვდომა - ეს გახლავთ მთავარი უპირატესობა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სასწავლო მასალები გვთავაზობს. თუ წიგნების შექმნას აქამდე კვირები და თვეები სჭირდებოდა, ახლა ეს უკვე საათებშია შესაძლებელი. ბევრ ისეთ საკითხზე გაჩნდება რეალურად ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რაზეც ცნობადობა დაბალია.

ამ ყველაფერს ჩვენი სტუდენტების ცოდნის გაუმჯობესებას, მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებასა და წარმატებით დასაქმებაში გამოვიყენებთ.

რომელ სექტორებს მოიცავს ის მასალები, რომლებიც BTU-ში ხელოვნური ინტელექტის მიერ იქმნება?

BTU AI კონცეფციის გარშემო შექმნილი ციფრული პროდუქტები და საგანმანათლებლო თუ კვლევითი მასალა მრავალფეროვან სექტორებს ფარავს. ესენია: ინოვაციები და ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ბიზნესის მართვა, საჯარო და ციფრული მმართველობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილებები, მარკეტინგი და კრეატიული ინდუსტრიები და სხვა.

ვცდილობთ, რაც შეიძლება სწრაფად ავითვისოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია, რომელიც მსოფლიოში უკვე ხელმისაწვდომია.

ხელოვნური ინტელექტის მუშაობის პროცესში რამდენად არიან ჩართული სტუდენტები?

ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობის მეორე ეტაპი სწორედ ამ პროცესში სტუდენტების ჩართვაა. პირველ რიგში ჩვენ ამ შესაძლებლობების ადაპტაცია და გამოცდა უნდა მოგვეხდინა. ახლა ამ პროცესში სტუდენტების მაქსიმალურად სწრაფად ჩართვას უზრუნველვყოფთ.

ხელოვნური ინტელექტის თემაზე უკვე ჩატარდა რამდენიმე ჰაკათონი, რომელშიც ჩვენი სტუდენტებიც იყვნენ ჩართული. ეს მიზნად ისახავდა ახალი იდეების დაბადებასა და მათ პრაქტიკაში ინტეგრაციას.

ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ჩართული ხართ თუ არა საერთაშორისო პროექტებში?

ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა სულ რაღაც 2 თვის წინ დავიწყეთ და უკვე არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა გვაქვს. ეტაპობრივად მოხდება ამ მიმართულებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა, გამოცდილების გაზიარება. კარგი დასაწყისი გვაქვს და შესაბამისად გავაგრძელებთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი კი მაღალი ხარისხის ცოდნის მიწოდება და პროფესიონალების აღზრდაა.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა