საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის მოწვევით, საქართველოში თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და დელეგაციის წევრები იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ვიზიტის პირველ დღეს საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ყოველწლიური სამმხრივი სხდომა გაიმართა.

სხდომა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გახსნა, რომელმაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები მიმოიხილა როგორიცაა: რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავება სამხრეთ კავკასიის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, ფართო შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ახალ გეოპოლიტიკურ წეს-წყობილებაში, რუსეთის აგრესია უკრაინაში და მის მიერ გამოწვეული შედეგები გლობალურ და რეგიონულ დონეზე, სამხრეთ კავკასიისთვის ახალი შესაძლებლობები და სამმხრივი საკანონმდებლო ფორმატის ეფექტური გამოყენების გზები.

ნიკოლოზ სამხარაძემ ყურადღება გაამახვილა დეოკუპაციის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ორი რეგიონის რუსეთის მხრიდან ოკუპაციის საკითხის შენარჩუნება საერთაშორისო დღის წესრიგში და ამის ფონზე, მადლობას ვუხდი თქვენს მთავრობებსა და საკანონმდებლო ორგანოებს - საქართველოს მიერ სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებსა და ფორუმებში წარმოდგენილი რეზოლუციების და პოლიტიკური დეკლარაციების მხარდაჭერისთვის", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ისაუბრა რეგიონის სატრანზიტო ფუნქციაზე; სატრანზიტო დერეფნების მნიშვნელობაზე - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე, სამხრეთის გაზის დერეფანზე, შუა დერეფანსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე.

აღნიშნული ფორმატის შეხვედრა ყოველწლიურად ტარდება და სამ ქვეყანას შორის საკანონმდებლო დონეზე არსებულ მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს, სადაც მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესები, სამმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ასპექტები და თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.

შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით ზილფიმიანი კომიტეტის წევრები მარიამ ლაშხი და ალექსანდრე მოწერელია მონაწილეობდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა