თუ აგენტების კანონი იქნება იმ ფორმით მიღებული, რომ წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციასთან, იმ მრავალ ორგანიზაციასთან ერთად მეც ვიქნები მისი საკონსტიტუციო სასამართლოში წამღები - ტერმინების შეცვლა გამოსავალი არ არის,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "მოქალაქეების" დეპუტატმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას თუ როგორია მისი პოზიცია აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით და რას აპირებს მასთან მიმართებით ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში.
მისი თქმით, გამოსავალი არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მას მხარი დაუჭიროს და კანონპროექტი უკან გაიწვიონ.
"აგენტების კანონზე ჩემი პოზიცია ნათელია, ამ კანონს ვეწინააღმდეგები ყველა საშუალებით პარლამენტში და სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაშიც, იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რაც გააჩნია სახალხო დამცველს, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. თუ საბოლოო ჯამში ეს კანონი იქნება იმ ფორმით მიღებული, რომ მოვა წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან, იმ მრავალ ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც იქნება მისი საკონსტიტუციო სასამართლოში წამღები, ვიქნები მეც.
ტერმინების შეცვლა არ იქნება ამ შემთხვევაში უკვე გამოსავალი. საზოგადოებაში არ დარჩა არც ერთი სოციალური ჯგუფი, ცნობილი ადამიანი, მათ შორის, ყოფილი პოლიტიკოსები, ყოფილი პრემიერები, რომლებიც ნეგატიურად არ აფასებენ ამ კანონმდებლობას. ვფიქრობ, ერთ- ერთი სწორი გამოსავალი არის, "ქართულმა ოცნებამ" უარი უნდა თქვას მის მიღებაზე და "ხალხის ძალამ" უნდა გაიწვიოს უკან, თუ არ გვინდა წინაღობად დახვდეს ეს კანონი ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე. ვის დაასანქცირებენ და ვის არა, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, დაგვაბრკოლებს თუ არა ეს კანონმდებლობა ევროინტეგრაციის გზაზე და მე ცალსახად ვხედავ, მათ შორის, მათი მხრიდან გაკეთებული განცხადებების გამო, ვინც უნდა მიგვიღოს ევროკავშირში, რომ ეს კანონმდებლობა არის ჩვენთვის დამაბრკოლებელი,"- განაცხადა იოსელიანმა.
ის ასევე გამოეხმაურა ნიკა გვარამიას პატიმრობის და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხებს.
"ცალსახა პოზიცია მქონდა ყოველთვის, როცა მიხეილ სააკაშვილზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ თუ საქართველოში მისთვის შეუძლებელია აღმოჩნდეს ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება და რომელიც მის ავადმყოფობას განკურნებაში დაეხმარება, მან ეს სერვისი უნდა მიიღოს იმ ქვეყანაში, რომელშიც მიეწოდება. ვინ უნდა დაადგინოს ასეთი სერვისი საქართველოში არის თუ არა, ამისთვის ბევრი უწყება არსებობს. კონსილიუმის დასკვნას რაც შეეხება, კონსილიუმის საქმიანობის სტრუქტურას არ ვიცნობ ასე დეტალურად და გამიჭირდება პასუხების გაცემა.
რა თქმა უნდა, რაც წინა სახალხო დამცველმა იმუშავა და რა დასკვნებიც არის დაწერილი, ამ ყველაფერს გავეცნობი, ყველანაირი შიშები, რომ რაღაცის უკან გამოხმობას ... და (გვარამიას) საკონსტიტუციო სარჩელზეც იყო საუბარი, ასეთი შიშები უსაფუძვლოა. მე წავიკითხავ დასკვნას, გავეცნობი. გვარამიასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია უცვლელია. მე ნიკა გვარამიას კითხვაზე ნათელი, არაორაზროვანი პასუხი მქონდა, კითხვას პასუხს ვცემ ისეთი ფორმით, როგორიც მიმაჩნია, რომ არის სწორი, ნათელი პასუხი გავეცი,"- განაცხადა იოსელიანმა.