პრეზიდენტი - საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ ჩვენი მომავლისთვის, ისინი ცხადად ამბობენ, რომ სურთ ევროპაში ყოფნა - მმართველი პარტია თუ ვერ გრძნობს, რომ პასუხისმგებელია მოსახლეობის წინაშე, მისი პრობლემაა

ძალიან ცხადია, რომ ქვეყანას, მოსახლეობას არ სურს არადემოკრატიული გზის არჩევა, ყოველ ჯერზე საქართველოს უკანასკნელ ისტორიასა და თუნდაც გრძელვადიან ისტორიაში, არჩევანთან დაკავშირებულ კითხვაზე, საქართველოს მოსახლეობის პასუხი იყო და ეს ძალიან ბევრჯერ ქუჩის გზით მომხდარა, რომ ჩვენ გვსურს ევროპა, ევროპა არის ჩვენი მომავალი და არის ჩვენი ღირებულებები,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც მან განაცხადა, რომ ვეტოს დაადებდა, ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს და მათი დაინიცირება მოხდა მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელის.

„ცხადია, რომ საკანონმდებლო პროექტი, რომელიც იქნა წარდგენილი და რომელზეც განვაცხადე, რომ ვეტოს დავადებდი, არის კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა პრინციპს, რომელსაც ევროკავშირი იცავს და ეს ხდება, მაშინ, როდესაც ჩვენ ველით კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას, რომლის მინიჭებაზეც საქართველოს რამდენიმე თვის წინ უარი უთხრეს, როდესაც ის მისცეს უკრაინასა და მოლდოვას. აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობამ იცის, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე ვართ ჩვენი მომავლისთვის. მოსახლეობამ იცის, რომ ახლა ჩვენი ბავშვების მომავალი განისაზღვრება იმით, თუ რას გავაკეთებთ მომავალი კვირებისა და თვეების განმავლობაში და ისინი ძალიან ცხადად ამბობენ, რომ მათ სურთ ევროპაში ყოფნა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება არჩეულ იქნა პროგრამით, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას გულისხმობდა და თუ ახლა უმრავლესობა ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართული საზოგადოების წინაშე, ეს მათი პრობლემაა.

„ისინი იყვნენ არჩეულები, ისევე როგორც მე ვიყავი არჩეული, პროგრამის მიხედვით, რომელიც გულისხმობდა საქართველოს მიყვანას ევროკავშირთან, სწორედ ეს გვიწერია კონსტიტუციაში, რომლის გარანტორიც ვარ მე. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მაქვს აღმასრულებელი ძალაუფლება, მე აქ ვარ იმის უზრუნველყოფისთვის, რომ რასაც დავპირდით ჩვენს ამომრჩეველს, ის იქნება შესრულებული. პარლამენტი, უმრავლესობა, მმართველი პარტია თუ ვერ გრძნობს, რომ ის პასუხისმგებელია მისი მოსახლეობის წინაშე, ეს მათი პრობლემაა. მე ვგრძნობ, რომ არა მხოლოდ პასუხისმგებელი ვარ, არამედ ვფიქრობ, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო საპრეზიდენტო არჩევნებში, რის გამოც მსურდა ვყოფილიყავი ამ ქვეყნის პრეზიდენტი, არის ის, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, მივიდეს რაც შეიძლება ახლოს და საბოლოო ჯამში, შევიდეს ევროკავშირში. ეს ნამდვილად ისტორიული არჩევანია, რაც შეიძლება აღარ დაგვიდგეს. ძალიან კომპლექსურ მდგომარეობაში ვართ, სულ მცირე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით და ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა, და ევროპული პერსპექტივა ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა, რომელიც აქამდე არსებობდა ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ვართ თუ არა ნამდვილად ევროპა, ახლა გვერდით არის გადადებული. ეს არის ახალი შანსი ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობრებთან ერთად შევუერთდეთ ევროკავშირს და ეს იქნება ადგილი, სადაც საქართველო საბოლოოდ შეძლებს დასვენებას, მრავალი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში შემოჭრისა და ზოგჯერ ოკუპაციის შემდეგ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა