ლევან იოსელიანი 7-8 მარტის აქციებზე - ადამიანების მიმართ, რომლებიც არ არღვევდნენ კანონს, იდგნენ და აპროტესტებდნენ, ძალის გამოყენება არ იყო ლეგიტიმური

არავინ არ უარყოფს, რომ კონკრეტულ ადგილას აქციის მონაწილეების მხრიდან ჰქონდა ძალადობას ადგილი, მაგრამ მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური ღონისძიებები და ეს არ უნდა გადაზრდილიყო მთლიანად აქციის დაშლაში, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, ცალკეული შემთხვევების შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა და საქმის აღძვრა მოითხოვა.

„ჩვენ თვალს ვადევნებდით აქციის მონაწილეების დაკავების სერიას, რომელიც ასევე იყო არათანმიმდევრული და არასისტემური, რადგან ჩვენ ვნახეთ ადამიანები, რომლებსაც აკავებდნენ წინააღმდეგობის გაწევის გამო, მაგრამ ვნახეთ უამრავი ადამიანი, რომლებიც საერთოდ კავშირში არ იყო პოლიციასთან, უბრალოდ იდგა და აპროტესტებდა ან ტელეფონით იღებდა ამ ყველაფერს და ამის მტკიცებულებები გვაქვს, ადამიანები უბრალოდ იდგნენ, აპროტესტებდნენ და მათი დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის იმ საერთაშორისო სტანდარტთან, რაც უნდა იყოს გამოყენებული მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ საკუთარ აზრს.

შეფასება არ არის ცალსახად ერთი, რომ პროპორციული ძალა იყო, ან არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, სადღაც იყო პროპორციული, სადღაც იყო არაპროპორციული, მაგრამ მთლიანობაში იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ არღვევდნენ კანონს, იდგნენ და აპროტესტებდნენ მათ მიმართ ამ ძალის გამოყენება, რა თქმა უნდა, არ იყო ლეგიტიმური.

ცალკეული შემთხვევების შესახებ, სადაც ვნახეთ, რომ ადამიანებს ჰქონდათ დაზიანება, რაც თვალნათელი იყო, ან თვითონ აძლევდა ამის შესახებ ჩვენებას, მივმართეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. რა თქმა უნდა, შესაბამისად მოვითხოვეთ საქმის აღძვრა. სახალხო დამცველის აპარატი ამ პროცესს თვალყურს მიადევნებს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის განმარტებით, მნიშვნელოვანია პოლიციას ჰქონდეს გათავისებული, რომ ეს აქცია არ იყო მთლიანად ძალისმიერი, და მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალის ის ხარისხი, რომელიც გამოიყენება კონკრეტული სამართალდამრღვევი მონაწილის მიმართ.

„მთავარი ჩვენი პრეტენზია მდგომარეობს იმ მიდგომაში, რომელიც პოლიციამ გამოიყენა აქციის მონაწილეების მიმართ, რომელიც მიგვაჩნია, რომ უნდა ყოფილიყო არა ცალსახად ყველას მიმართ, არამედ ინდივიდუალურად უნდა ყოფილიყო ცალკეული სამართალდარღვევების მიმართ შესაბამისი ზომები გატარებული. საქმე იმაშია, რომ როდესაც აქცია მიმდინარეობს რუსთაველზე და ვხედავთ, რომ საპოლიციო ღონისძიება იწყება ჭიჭინაძის ქუჩაზე, რა თქმა უნდა, ამის შესახებ არაფერი იცის ხალხმა, რომელიც დგას ჩიტაძეზე და პირიქით და საერთოდ რა ხდება ამ ორ ქუჩაზე არ იციან ადამიანებმა, რომლებიც დგანან რუსთაველზე. მნიშვნელოვანია, რომ პოლიციას ჰქონდეს გათავისებული, ეს აქცია არ არის მთლიანად ძალისმიერი, შეიძლება ადამიანები არიან, რომლებიც არღვევენ რომელიმე კონკრეტულ კანონს და მათ მიმართ ლეგიტიმურია პოლიციის მოქმედება, მაგრამ მონაწილეების უმეტესობა შეკრებილია და აგრძელებს მშვიდობიან პროტესტს, მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ძალის ის ხარისხი, რომელიც გამოყენებულია კონკრეტული სამართალდამრღვევი მონაწილის მიმართ. ჩვენ ვიხილეთ, რომ საპოლიციო ღონისძიება რომ დაიწყო ჩიტაძის ქუჩაზე, ის ჩამოჰყვა ბოლომდე და მთლიანად გაჰყვა რუსთაველს და იმ ადამიანების მიმართ გაგრძელდა, რომლებიც საერთოდ მშვიდობიანად იდგნენ რუსთაველის ქუჩაზე“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა