პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის წითელი ხაზი ყველასთვის ევროკავშირში, რასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან განცხადება, რომლითაც ითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართულიყვნენ უცხოელი ექიმები, არ ყოფილა.
ჩალაძემ წარადგინა დოკუმენტი და განაცხადა, რომ რატი ბრეგაძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის "მოკლეფეხებიანი ტყუილი", რაც მტკიცდება მისივე უწყებისგან მიღებული დასტურით, რომლის თანახმად განცხადება იუსტიციის სამინისტროში არის რეგისტრირებული.
„მინდა ბატონი რატი ბრეგაძის განცხადებას გამოვეხმაურო. როგორც შეამჩნევდით გუშინ ჩემს ინტერვიუში საკმარისზე მეტად მოზომილი ვიყავი და შევეცადე, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია მიმეცა პრესისთვის. სამწუხაროდ, იგივე ნაბიჯები არ არის გადადგმული იუსტიციის მინისტრის მხრიდან. დღევანდელი ინფორმაცია, რაც მან გააჟღერა, არის ტყუილი, ეს არის ძალიან მოკლე ფეხებიანი, სულ ერთ საათიანი ტყუილი, რომელიც არ მტკიცდება მისივე უწყებისგან მიღებული დასტურით, რომ განცხადება რეგისტრირებული არის იუსტიციის სამინისტროში.
ბატონო რატი, მინდა მოგმართოთ თხოვნით და გაგაფრთხილოთ, რომ ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია ან არასწორი ინტერპრეტაცია ნებისმიერი საკითხისა, ზუსტად ასეთივე გამოხმაურებას პოვებს ჩვენგან, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზანი. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ძალიან მოკლე დროში მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილთან პრემიერ-მინისტრ, ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ დადებული პირობის შესრულება, რომელიც მან მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე დადო, შემდეგ კი თქვენი პირობა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან, რომელიც დემარშის შემდეგ იქნა დადებული, რომ დაუშვებდით პრეზიდენტ სააკაშვილთან სამედიცინო მისიას, ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომლის ინიციატორიც არის პოლონეთის მხარე.
მინდა გითხრათ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის წითელი ხაზი ყველასთვის ევროკავშირში. თქვენ იცით, რომ გასული დღეების განმავლობაში ვიმყოფებოდით ძალიან მაღალი დონის შეხვედრებზე და ყველგან ცალსახად, საჯაროდ გამოთქმული იყო, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი არის ის საკითხი, რასაც შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს. ამიტომ, მოგიწოდებთ, ყოველგვარი საჯარო, არასწორი ინტერპრეტაციების გარეშე, საქმით დავკავდეთ და არ დავიწყოთ ამ ფურცლებით „ხმალაობა“, რომლითაც სამწუხაროდ, თქვენი ინიციატივით ახლა მე მიწევს გამოვიდე და თქვენი არასწორად გავრცელებული ინფორმაცია, ტყუილი საჯაროდ ვამხილო. ძალიან გთხოვთ, ჩვენი ქვეყნის ბედით ასე, თვითნებურად ნუ ითამაშებთ“, - განაცხადა ჩალაძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს განაცხადა, რომ 13:00 საათის მდგომარეობით, არ ყოფილა არც მიხეილ სააკაშვილის, არც მისი ოჯახის მხრიდან რაიმე განცხადება, რომლითაც სთხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩართულიყვნენ. მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური არ იქნება წინააღმდეგი თუ უშუალოდ მსჯავრდებული, მიხეილ სააკაშვილი ან ოჯახი კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვის მიზნით სასურველ უცხოელ ექიმთა სიას წარადგენს.