ეკა ბესელია - რეპრესიული პოლიტიკის განხორციელება აქვთ ჩაფიქრებული, ასე იკითხება დღევანდელი ცვლილებით - გაგრძელება იქნება

ხელისუფლებამ ყველაზე დიდი ძალა და საფრთხე დაინახა სტუდენტებში, ახალგაზრდებში, იმ თაობაში, რომელთაც მოახერხეს, ეჩვენებინათ ძალიან მაღალი თავისუფლების ხარისხი და ბრძოლის უნარი , - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მიხეილ ჩხენკელის ნაცვლად გიორგი ამილახვრის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ხელისუფლებას რეპრესიული პოლიტიკის განხორციელება აქვს ჩაფიქრებული.

„პროცესებს, რომელიც წინ უძღოდა ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის მიღებას, შემდეგ უკან გაწვევას, რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის შიგნით რთული პროცესები მოჰყვებოდა. ეს ასე უკვალოდ ვერ ჩაივლის. ამის გაგრძელება კიდევ იქნება. ამ ყველაფრის გამოხატულებაა, სამთავრობო გუნდში ეს ერთი ფრაგმენტული ცვლილება.

დღეს, ხელისუფლებამ ყველაზე რთული პრობლემა დაინახა, ქუჩაში გამოსულ თავისუფალ ადამიანებში, სტუდენტებში. აქციაზე ბევრი უნივერსიტეტი იყო წარმოდგენილი, სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ, როგორც ჩანს ძალიან ვიწროდ მოახდინეს ამ პრობლემაზე ყურადღების კონცენტრირება. იფიქრეს, რომ ახლა საჭიროა ამ საფრთხის ლოკალიზება, რომელიც უნივერსიტეტებიდან მოდის. რეპრესიული პოლიტიკის განხორციელება აქვთ ჩაფიქრებული. ასე იკითხება ამ ცვლილებით. განათლების და მეცნიერების მოქმედი მინისტრი შეიძლება ჩათვალეს, რომ მეტისმეტად რბილია, იმ პოლიტიკის გასატარებლად, რაც ჰგონიათ, რომ ამ პრობლემას უშველის“, - განაცხადა ბესელიამ.

მან ასევე ისაუბრა მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ ვინც, ხმა არ მისცა ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს, „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო შესაბამისი ღონისძიების განხორციელება.

„თუკი ეს დეპუტატები საჯარო კრიტიკული განცხადებებით წავლენ, მათზე წნეხი ძალიან გაიზრდება. თუ „ჩუმად“ წავლენ და დატოვებენ მანდატებს, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, რაღაც შეთავაზება მიიღონ, მაგრამ თუ მკვეთრ საჯარო განცხადებებს გააკეთებენ, მათზე ზეწოლა საკმაოდ ძლიერი იქნება. ზუსტად ვიცი, რა პროცესიც ხდება.

ვურჩევდი, რომ მანდატი არ დატოვონ. უფრო მეტიც, თუ საკუთარ ღირებულებებს ვერ ხედავენ გუნდში, დარჩნენ პარლამენტში და ნუ იქნებიან უმრავლესობაში, ამით გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანენ ქვეყანას. მგონია, რომ ეს არის სწორი და ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯი. ვის უნდა უერთგულო? ამ ადამიანების ერთგულებების წარმოდგენაც კი მზარავს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს