ერთი წელია ამ ქვეყანას უწევს ბეწვის ხიდზე სიარული. ხელისუფლება ერთი წელია ცდილობს იმ შეტევების მოგერიებას, რომელთა საბოლო მიზანი არის რაღაცნაირად ეს ქვეყანა საომარი პლაცდარმი გახდეს. ეს არის სიმართლე და ამ სიმართლის ირგვლივ ტრიალებს საუკუნის აფიორა, როდესაც ქართულ საზოგადოებას და ახალგაზრდებს დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ამ პარლამენტში იყო მიღებული და შემდეგ გაწვეული, არის რუსული“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართლი ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ ლოგიკით, ახლა ევროპა და მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს ე.წ. რუსული კანონის მიღებას.
„ამ ლოგიკით რუსული კანონი დააინიცირეს EPP-ის წარმომადგენლებმა, რომლის ნაწილიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ლოგიკით, კანადაში მუშაობს რუსული კანონი, ამ ლოგიკით, ბრიტანეთის თემთა პალატას მიღებული აქვს რუსული კანონი, აშშ-ში რუსული კანონი მუშაობს და მთელი ევროპა და ცივილიზებული სამყაროს მნიშვნელოვანი ნაწილი მოწოდებულია, რომ რაც შეიძლება ჩქარა მიიღოს რუსული კანონი. ამ დონის „ფეიკთან“ გვაქვს საქმე“,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე შეფასებით, ოპონენტები საკუთარი პროპაგანდით აბულინგებენ ყველას, მათ შორის, პოლიტიკოსების მცირეწლოვან შვილებს.
„როგორ მოახერხეს ჩვენმა ოპონენტებმა, მართლა გასაკვირია, როცა ფაშიზმისა და ბოლშევიზმის სინთეზი გააკეთეს. აბულინგებენ ყველას და ყველაფერს, ოჯახებს, მცირეწლოვან შვილებზეც გადავიდნენ, მასწავლებლის მეშვეობით ბავშვებს, პოლიტიკოსების შვილებს და შემდეგ, წუწუნებენ ბულინგზე, ვიღაც აქტივისტმა რაღაც დამიწერაო. ბულინგს, აგრესიას, ფაშიზმს მოაქვს თავისი რეაქციები, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს ფაშიზმი და არ უნდა იყოს საპირისპირო ბულინგი, მაგრამ ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო მასშტაბის ბულინგი, როდესაც ფაშიზმისა და ბოლშევიზმის მეთოდებით ეს ადამიანები სინთეზურად ახორციელებენ. ახალგაზრდების თემის განზოგადება ეს არის ბოროტება.
თქვენი ხელმძღვანელობით საქართველო ევროკავშირში ვერ აღმოჩნდებაო, ეს არის თქვენ მიერვე წეღან გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა თუ „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში და ამისთვის იბრძვით, ყველაფერს აკეთებთ, როგორც ვიზალიბერალიზაციის დროს და ასოცირების ხელშეკრულების დროს. დღეს რუსეთის განცხადებები მაშველ რგოლად რომ გადმოგივარდებათ ხოლმე, ერთი განცხადება ვერ გაგაკეთებინეთ, რომ ის იყო სამშობლოს ღალატი და დღეს ცდილობთ ამ კომპლექსიდან გამომდინარე სხვას მიაკეროთ რუსული იარლიყი, რაც არასდროს გამოგივათ“, - განაცხადა მდინარაძემ.