საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“  მაყურებლის წინაშე „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე სპექტაკლით წარსდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახე“ მაყურებლის წინაშე ცნობილი მწერლისა და ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - „თეთრი ბაირაღები“ მეხუთასე წარმოდგენით წარსდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, პიესა ერთ მოქმედებად და ცხრა სურათად „მოდინახეს“ სცენაზე პირველად 1972 წელს, სახალხო არტისტმა ბორის წიფურიამ, ხოლო 1980 წელს, სტუ-ის თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ დადგა.

მათივე ცნობით, საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სცენაზე „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე წარმოდგენას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ავთანდილ ენუქიძე, პარლამენტის წევრები - ქეთევან დუმბაძე და გივი ჭიჭინაძე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი შალუტაშვილი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი ყარამან ქუთათელაძე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე, სტუ-ის ადმინისტრაციისა და სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მეხუთასე წარმოდგენის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, „თეთრი ბაირაღები“ უკვე 52-ე წელია, რაც „მოდინახეს“ რეპერტუარშია და წარმატებით იქნა ნაჩვენები, როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე, გერმანიასა და თურქეთში ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალებზე, სადაც სპექტაკლმა გრანპრი მოიპოვა.

„ნოდარ დუმბაძე იყო ადამიანი ლეგენდა, რომელმაც უდიდესი სითბოთი და სიყვარულით აღსავსე შემოქმედება დაგვიტოვა. დღეს „მოდინახეს“ რეპერტუარიდან სპექტაკლ „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე წარმოდგენაა. აქ, ამ სცენაზე, ამ სპექტაკლში თამაშობდნენ საქართველოს სახალხო არტისტები გოგი გეგეჭკორი, გივი ბერიკაშვილი და ბორის წიფურია. მათი შესრულებული როლები დღემდე ახსოვს უფროს თაობას. ეს იყო ხელოვნების ზეიმი. როლებს, რომელიც საქართველოს დიდმა არტისტებმა შეასრულეს, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, მოყვარული მსახიობები ასრულებენ. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ახალგაზრდებმა დიდი შრომით მიაღწიეს წარმატებას, ძალიან საინტერესოდ და ახალი ხედვით თამაშობენ. მინდა მათ, მთელ დასსა და რეჟისორს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს წარმატებები ვუსურვო“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში სტუ-ის რექტორმა.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა, ქეთევან დუმბაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ ნოდარ დუმბაძის სახელის უკვდავყოფისთვის.

„აფიშა გვამცნობს, რომ დღეს „თეთრი ბაირაღების“ მეხუთასე წარმოდგენა იმართება. 500 სპექტაკლი ერთ თეატრში, ერთ სცენაზე - ეს მწერლის უკვდავყოფაა. გადის წლები და ნოდარ დუმბაძე არ ავიწყდებათ და ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. როცა ეს რომანი დაიწერა, კრიმინალების ნაწარმოებად მონათლეს. მინდა იცოდეთ, რეალურად, რომანი „თეთრი ბაირაღები“ ათ მცნებაზეა აგებული. დღეს, აქ, ამ დარბაზში და სცენაზე ბევრი ახალგაზრდაა. სტუდენტებო, წარმატებული საქართველოს მომავალო, რადგან თქვენ ამ სპექტაკლს დგამთ და მოდიხართ მის სანახავად, მჯერა, რომ თქვენი ცხოვრების წესი, ისევე როგორც ნოდარ დუმბაძისა, სწორედ ათი მცნებიდან გამომდინარეობს და სიკეთით, მოყვასის სიყვარულითა და კეთილშობილებით საზრდოობს. „ადამიანი ფრესკა არ არის, ერთ სიბრტყეში რომ უყურო. ადამიანს, როგორც ქანდაკებას, გარშემო უნდა შემოუარო და რომელი მხრიდანაც ყველაზე კარგად იმზირება, იქიდან უნდა შეხედო“ - ეს იყო მამაჩემის, ნოდარ დუმბაძის ცხოვრების ამოსავალი წერტილი. გახსოვდეთ ეს და იყავით ადამიანები“, - აღნიშნა ქეთევან დუმბაძემ.

ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე საუნივერსიტეტო თეატრ-სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა ნუგზარ ბუცხრიკიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს, ვიცე-პრემიერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს, საქართველოს პარლამენტის წევრებს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუმრებს და რა თქმა უნდა, „მოდინახეს“ შემოქმედებით კოლექტივს.

„მეხუთასე წარმოდგენამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ეს არის ჩვენი დასის გამარჯვება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქეთევან დუმბაძეს. ბატონი ნოდარი ჩემთვის იყო უდიდესი ადამიანი. „მოდინახეს“ სცენაზე ნოდარ დუმბაძის ხუთი სპექტაკლი გადის. დიახ, ნოდარ დუმბაძე უკვდავია. ავტორს დასი ირჩევს. უახლოეს მომავალში, თეატრი მაყურებლის წინაშე კიდევ ერთი პრემიერით წარსდგება. როდესაც სტუდენტებს ვკითხე, რომელი ავტორი გვეთამაშა, ყველამ ერთხმად ნოდარ დუმბაძე დაასახელა. ახალ სპექტაკლში - „მე ვხედავ მზეს“, ყველა მსახიობი პირველკურსელია. 54-მა პირველკურსელმა ნოდარ დუმბაძე აირჩია. აი, ეს არის მწერლის გამარჯვება დროზე“, - განაცხადა ნუგზარ ბუცხრიკიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტი, რექტორი და ადმინისტრაცია სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეას“ დასის განვითარებას, ზრდას და მის სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას ყოველთვის ხელს შეუწყობს.

„დღევანდელმა წარმოდგენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მადლობა ამ დიდი სიამოვნებისთვის რეჟისორს, ბატონ ნუგზარ ბუცხრიკიძეს და რაც მთავარია, საუნივერსიტეტო დასს, ჩვენს სტუდენტებს, რომელთაც დიდი შრომა გასწიეს, რათა დღეს სპექტაკლი წარმატებით წარედგინათ მაყურებლისათვის. მინდა აღვნიშნო, რომ მალე „მოდინახე“ გასტროლებზე საბერძნეთს ეწვევა. წარმატებები მათ!“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, სპექტაკლის დასასრულს, ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „მოდინახეს“ დასს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მოყვარულ სტუდენტ მსახიობებს, რეჟისორს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სასიამოვნო და თბილი საღამოსთვის და წარმატებები უსურვა მათ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს