ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ს მიერ საქართველოს ოთხი მოსამართლის „კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო“ სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რომ დამოუკიდებელ სასამართლოში მოხდეს ჩარევა.
მისი თქმით, "ბევრი თემა" არსებობს, მათ შორის რას ითხოვდნენ სატელეფონო საუბრებში, ამიტომ მმართველი პარტიის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, დაიცვან წესები.
„ნული მტკიცებულება. არავითარი მტკიცებულება. გვიმალავენ? დანაშაულია ჩადენილი ჩვენ გვიმალავენ? ან რატომ გვიმალავენ? ეს ხომ არასერიოზულია. თუ დანაშაულია ჩადენილი, პირველი ინტერესი ხომ უნდა გქონდეს, რომ აცნობო მეორე მხარეს ამ დანაშაულის შესახებ, ან საზოგადოებას მაინც უთხრან. კარგი „ენჯეობის“ გამჭვირვალობა არ გინდა, მაგრამ აქ მაინც იყავი გამჭვირვალე და საზოგადოებას უთხარი, რომ ამა და ამ მოსამართლეებმა დანაშაული ჩაიდინეს. რატომ არ ამბობ, თუ მტკიცებულება გაქვს? აქ სად არის ლოგიკა? რა თქმა უნდა, აქ არ არის არავითარი ლოგიკა. არის პოლიტიკური ინტერესი, რომ მოხდეს ჩარევა დამოუკიდებელ სასამართლოში.
ჩვენ სხვა თემებიც გვაქვს, ბევრ სხვა თემასაც გავიხსენებდი... დღეს არ მინდა ამაზე საუბარი. შეიძლება მომავალში დადგეს ამის დრო. ბევრი თემა გვაქვს, მათ შორის სატელეფონო საუბრებში, რას ითხოვდნენ ჩვენგან და ა.შ. ეს ყველაფერი არსებობს. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, დაიცვან წესები და იმოქმედონ წესების შესაბამისად“,- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ ვინმეს, ვინმეს დასანქცირება უნდათ უნდა დაიწყონ მესამე პრეზიდენტით, მიხეილ სააკაშვილით და იუსტიციის ყოფილი მინისტრით, ზურაბ ადეიშვილით.
„ჩვენ ვერ დავუშვებთ სასამართლო სისტემაში 2012 წლამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნებას, როდესაც სასამართლოში იყო სისტემური პრობლემები, როდესაც სასამართლო რეპრესიებისთვის გამოიყენებოდა, ამას ვერ დავუშვებთ. თუ ვინმეს, ვინმეს დასანქცირება უნდა, კეთილი ინებონ და დაიწყონ სააკაშვილით, რომლის გათავისუფლებასაც ითხოვენ აქტიურად, დაიწყონ ადეიშვილით, რომელიც ევროპაში დასეირნობს. ამ ხალხით დაიწყონ და მერე დაგველაპარაკონ ჩვენ. ჩვენ მხარეს არის სიმართლე, მათ მხარეს არ არის სიმართლე. წესებით დაგველაპარაკონ! ეს არის ჩვენი მკაცრი მოთხოვნა. ცალ ფეხზე ჩვენ არ დავდგებით! ჩვენ ვიდგებით ორ ფეხზე, ჩვენ დავიცავთ სუვერენიტეტს და ჩვენ დავიცავთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობას. ეს არის ჩვენი მყარი პოზიცია“,- განაცხადა კობახიძემ "იმედის" ეთერში.
ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.
როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.