ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ე.წ. აფხაზური პასპორტების სამგზავრო დოკუმენტად აღიარებას ითხოვს. ამის შესახებ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ტუჟბამ ისაუბრა.
„ჩვენ ვგულისხმობთ საერთაშორისო პრაქტიკას - არსებობს პრეცედენტები მსოფლიოში - ეს, რა თქმა უნდა, არის კოსოვო, ტაივანი, ჩრდილოეთ კვიპროსი. თუ ვსაუბრობთ კოსოვოზე, მაშინ ევროკავშირში არის ქვეყნები (ესპანეთი, საბერძნეთი, სლოვენია), რომლებიც არ ცნობენ კოსოვოს დამოუკიდებლობას, მაგრამ მაინც აღიარებენ კოსოვოს პასპორტებს და ამ ქვეყნის პასპორტებში ვიზებს აკრავენ“, - განაცხადა ტუჟბამ.
მისი მტკიცებით, ე.წ. აფხაზური პასპორტების აღიარება „არ ნიშნავს აფხაზეთის ავტომატურ აღიარებას“.
„ევროკავშირის პოზიცია საკმაოდ მკაცრი და კონსერვატიულია. მათგან განსხვავებით, ამერიკელი კოლეგები თავს აჩვენებენ, რომ თითქოს დაინტერესებული არიან ამ საკითხის მოგვარებით. ჯერჯერობით პრაქტიკულ ნაბიჯებს ვერ მივაღწიეთ, მაგრამ გვამხნევებენ და აცხადებენ, რომ შეეცდებიან მოძებნონ რაიმე ფორმები მათ მოსაგვარებლად“, - განაცხადა ტუჟბამ.
მისი თქმით, აფხაზეთში მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობაა (25-30%), რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო არ აქვთ მეორე - რუსეთის მოქალაქეობა.
„ეს, ძირითადად, ახალგაზრდები არიან, რომლებსაც აბსოლუტურად მოკლებული აქვთ აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა, რუსეთის გარდა. ჩვენც კი, საგარეო საქმეთა სამინისტროში, გვყავს ჩვენი კოლეგები, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვთ“, - დასძინა ტუჟბამ.