რუსეთი სეპარატისტულ რეჟიმებთან ერთად აგრძელებს პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ, ოკუპანტმა ქვეყანამ აფხაზეთში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის შეიარაღებული ძალები და აფხაზეთის ყველა ძალოვანი სტრუქტურა - ეს არის ღია პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.
დავითაია ხელისუფლებას მოუწოდებს, პარტნიორებს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ ცდილობს რუსეთი სიტუაციის დაძაბვას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
„როგორც ცნობილია, აღნიშნული წვრთნები ითვალისწინებს სპეციალური ოპერაციების გატარებას და საბრძოლო ტაქტიკიდან გამომდინარე შექმნილი სიტუაციების გადაჭრას. რეალურად რუსეთის მიზანია მეტად დაიძაბოს სიტუაცია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათ მიერ ბოლო პერიოდში წარმოებული კამპანია ე.წ. „მეორე ფრონტის შესახებ“ და ნარატივი, თითქოსდა ქართული მხარე ემზადება საბრძოლო მოქმედებებისთვის, რაც არის სრული აბსურდი, რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს პროვოკაციების მოსაწყობად საქართველოს წინააღმდეგ.
მოვუწოდებ ხელისუფლებას, საქმის კურსში ჩააყენოს ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, მიეწოდოს მათ ინფორმაცია, თუ როგორ ცდილობს რუსეთი სიტუაციის დაძაბვას ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უნდა გაკეთდეს მკვეთრი განცხადებები როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე პარტნიორების მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, ცივილიზებულმა სამყარომ იცოდეს, თუ რა ქმედებები ხორციელდება ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან და რა საფრთხეების წინაშე დგას ქართული სახელმწიფო“, - აცხადებს პაატა დავითაია, რომლის კომენტარსაც პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „შეიარაღებულმა ძალებმა“ ფართომასშტაბიანი „წვრთნები დაიწყო“.
ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, წვრთნებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ძალებითა და საშუალებებით მტრის კომპლექსური განადგურების საკითხების შემუშავებას.
გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნების მთავარი მიზანია შტაბისა და ჯარების მზადყოფნის ამაღლება, ასევე მოულოდნელად წარმოშობილი ამოცანების გადაჭრის მიზნით მათი კოორდინაციის ამაღლება. წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების“ ძალები და საშუალებებიც ჩაერთვებიან.