ჩანაფიქრი აბსოლუტურად სწორია იმისათვის, რომ ამ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე დაწესებულების მომავალი განვითარება მივიღოთ, - აღნიშნულის შესახებ აკაკი ზოიძემ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯანდაცვის ექსპერტმა სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმება რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს.
„პირველ რიგში კოლექტივის ინტერესებია ძალიან მნიშვნელოვანი. შეთანხმება უნდა მოხდეს სწორედ იმ გუნდთან, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. მათ უნდა მიეცეთ ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ ვისაც უნდა გადამზადდეს და დასაქმდეს და ჰქონდეს მყარი გარანტიები და მეორე, ვისაც ასაკის გამო არ შეეძლება, უფრო სხვა ტიპის კომპენსაცია უნდა იყოს შეთავაზებული.
ვფიქრობ,ჩანაფიქრი აბსოლუტურად სწორია იმისათვის, რომ ამ ძალიან დიდი ტრადიციების მქონე დაწესებულების მომავალი განვითარება მივიღოთ, ვინაიდან არსებული შენობის გადაიარაღება ნაკლებ სავარაუდოა რომ შესაძლებელი იყოს.
ბევრი გეგმა იყო ამ დაწესებულების განახლებასთან დაკავშირებით და მთავარი მომენტი, რაც ჩემი აზრით აქ არის, ეს არის ნდობა
თუ მყარი გარანტიები იქნება მიცემული, რომ რეალურად ეს პროექტი, როგორც წარმოდგენილი იქნა ისე განხორციელდება, მაშინ ალბათ ეს არის ძალიან მისასალმებელი და სასიკეთო საქმე“,-აღნიშნულის შესახებ აკაკი ზოიძემ განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პრეზენტაციაზე, სამედიცინო პერსონალთან თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები, სხვა სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმდებიან ან მშენებლობის განმავლობაში, სახელფასო ანაზღაურებას მიიღებენ. მათივე ცნობით, ახალი, მულტიფუნქციური საავადმყოფოს მშენებლობის დასრულებამდე კი ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებას სპეციალური პროგრამით, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ.
აღნიშნულ თემაზე ისაუბრა „ჩაფიძის გულის ცენტრის“ აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ. მისივე თქმით, როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, უზრუნველყოფილი იქნება რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება და დასაქმება.
„როგორც პრეზენტაციაში იყო ნათქვამი, მედპერსონალს კონტრაქტები გაუგრძელდება, შესაბამისად, მათი ანაზღაურება უზრუნველყოფილი იქნება, სანამ არ დამთავრდება კლინიკის რეაბილიტაცია, თუ ახალი კლინიკის მშენებლობა/აღჭურვა. ასევე, მათ შესთავაზებენ ალტერნატიული დასაქმების ადგილებს. მე, როგორც ერთ-ერთი კერძო კლინიკის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი, მზად ვარ, დავასაქმო რამდენიმე სპეციალისტი, რადგან რესპუბლიკური საავადმყოფო, ყოველთვის იყო და არის ძალიან გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული. ვფიქრობ, სხვა კლინიკებიც იმავეს გააკეთებენ“, - განაცხადა რევაზ ჯორბენაძემ.